მილანი

კალაძე მილანის გაყიდვაზე: დიდი მადლობა ბერლუსკონის, რაც მან გუნდისთვის გააკეთა

ტაბულა

სილვიო ბერლუსკონიმ საფეხბურთო კლუბ მილანის აქციების 99% გაყიდა, მყიდველი ჩინური საინვესტიციო კომპანიაა. კლუბის გაყიდვას instagram-ის ოფიციალური გვერდით, საქართველოს ვიცეპრემიერი კახა კალაძე გამოეხმაურა: 

"უსაზღვრო მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბერლუსკონის იმისათვის, რაც მან გააკეთა, რათა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევსულიყავით. მან საოცარი გუნდი შექმნა. ჩემთვის პატივია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. "მილანი" ჩემს გულშია", - წერს კალაძე.

აქციების 99.93%-ის შეძენა ჩინურ კომპანიას ჯამში 740 მილიონი ევრო დაუჯდა. ამ თანხიდან 520 მილიონი ევრო ბერლუსკონის კომპანია Fininvest-ს ჩაერიცხება, 220 მილიონით კი მილანის ვალები დაიფარება. მილანის პრეზიდენტი ბიზნესმენი და ბროკერი იონგჰონგ ლი იქნება.

მილანის გაყიდვასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ბერლუსკონი თითქმის ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა და უამრავი გადავადების შემდეგ ოფიციალურ დოკუმენტებს ხელი დღეს მოეწერა. კონტრაქტში არსებული ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით ჩინური კომპანია ვალდებულია მნიშვნელოვნად გაზარდოს მილანის კაპიტალი და გააძლიეროს კლუბის ფინანსური სტრუქტურა.სილვიო ბერლუსკონიმ საფეხბურთო კლუბი მილანი 1986 წელს შეიძინა. ბერლუსკონის პრეზიდენტობის 31 წლიან პერიოდში მილანმა 29 ტიტული მოიგო (რაც ბერლუსკონის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტად აქცევს), მათ შორის 5-ჯერ უეფას ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგა.

სილვიო ბერლუსკონისთან ერთად მილანს კლუბის ვიცეპრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ადრიანო გალიანიც დატოვებს, რომელიც მილანში ბერლუსკონის მოსვლის დღიდან მუშაობდა. მას იტალიელი მარკო ფასონე შეცვლის.

კომენტარები