საქართველო-უკრაინა

დარჩიაშვილი: სამინისტრო ელჩთან არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინის მიერ საქართველოს ელჩის დაბარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. დარჩიაშვილის თქმით, ქართული მხარე ელჩთან არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს.

"უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების შეფასებისას, რომ ჩვენს ელჩს უკრაინის ტერიტორია დაატოვებინონ, რამდენიმე სიტყვას გამოვიყენებდი. ეს არის უსამართლო, უსაფუძვლო, არამეგობრული და არადიპლომატიური [...] საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩთან არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს. ელჩმა უკრაინის ტერიტორია დატოვა, ის ელჩის რანგში მუშაობას თბილისიდან, სამინისტროში გააგრძელებს. კიევში საქართველოს საელჩო მუშაობას აგრძელებს, დიპლომატები ადგილზე არიან [...] ზოგადად, მეგობრები ერთმანეთს ასე არ ექცევიან". - თქვა დარჩიაშვილმა TV იმედის ეთერში.

4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროტესტის გამოსახატად საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი დაიბარა და მას კონსულტაციებისთვის თბილისში ჩასვლა შესთავაზა. უწყებამ განმარტა, რომ სააკაშვილის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა.  

3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალას, სადაც მისი მდგომარეობა ჩანს, საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხმაურება მოჰყვა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დავავალე. გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა მის დედაქალაქთან კონსულტაციები გამართოს". - წერს ზელენსკი.

კომენტარები