თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე

მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებულ თავდასხმაში სუს-ის გამომძიებელი ფიგურირებს – ფორმულა

ფოტო: ფორმულა 

ფორმულამ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გაასაჯაროვა. 

როგორც ფორმულას ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი ყვება, თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

ფორმულას ინფორმაციით, გიორგი მუმლაძე შსს-ში ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში მუშაობდა და რამდენიმე თვეა, რაც ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, მოადგილის თანამდებობას იკავებს, ის სუს-ის ქალაქის სამმართველოს გამომძიებლად გადაიყვანა.  ამასთან, ფორმულას ინფორმაციითვე, ლევან ახობაძე გიორგი მუმლაძის ნათლიაა.

"გიორგი მუმლაძე მიყვება მიშა მშვილდაძეს, როდესაც ის დელისიდან გამოდის. ბოლომდე ესწრება თავდასხმის პროცესს და ყველაზე ბოლოს სწორედ მუმლაძე და მისი მეგობარი ტოვებენ ვაჟა ფშაველას გამზირს".-ამბობს ჟურნალისტი. 

ფორმულა წყაროზე დაყრდნობთ აცხადებს, რომ მშვილდაძეზე თავდასხმას ლევან ახობაძე კურირებდა. 

ამასთან, ფორმულასვე ცნობით, მუმლაძის მამა, ზურაბ მუმლაძე,  2017-2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2018 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, 2020 ან 2021 წელს ზურაბ მუმლაძე სუს-ში გადავიდა.

ფორმულა ამბობს, რომ თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთი კაცი, რომელიც, როგორც კადრებშიც ჩანს, გიორგი მუმლაძესთან ერთად გადაადგილდება, სუს-ის თანამშრომელია.

გარდა ამისა, ფორმულას წყაროს ცნობით, თავდასხმაში მონაწილე სამივე ავტომანქანა, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტს ეკუთვნის.


მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ - უცნობმა პირმა მას სახეში ჩაარტყა. როგორც მშვილდაძე ამბობს, თავდამსხმელმა უთხრა - "შენ პატრიარქს როგორ აგინებ". 

28 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ TV ფორმულას ერთ-ერთ წამყვანზ თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები