თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფორმულა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ TV ფორმულას ერთ-ერთ წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაკავებული პირი არის ნიკოლოზ გუგეშაშვილი, რომელმაც, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიშა მშვილდაძეს სცემა. ჯერჯერობით დადასტურებული არაა, ეკუთვნის თუ არა ეს პოსტი თავდამსხმელს.

სავარაუდო თავდამსხმელს პოსტში მონიშნული ჰყავდა შსს და წერდა, რომ დამალვას არ აპირებდა. ასევე ნათქვამი იყო, რომ ის მშვილდაძეს თავს საჯარო განცხადებებისა და შეხედულებების გამო დაესხა.

რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძესაც. შემთხვევის შემდეგ სოციალურ ქსელში სწორედ მსგავსი შინაარსის პოსტი გავრცელდა, რომელშიც თავდამსხმელი წერდა, რომ დამალვას არ აპირებდა. მომხდარის მიზეზად ისიც სამიზნის შეხედულებებს ასახელებდა. თავდამსხმელი შსს-მ დააკავა.

მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ - უცნობმა პირმა მას სახეში ჩაარტყა. როგორც მშვილდაძე ამბობს, თავდამსხმელმა უთხრა - "შენ პატრიარქს როგორ აგინებ". 

კომენტარები