პრიგოჟინის ამბოხება

ბორელი რუსეთის სამხედრო არეულობაზე: პუტინმა შექმნა ურჩხული და ახლა მას ამ ურჩხულმა უკბინა

საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში. 2023 წლის 23 იანვარი
REUTERS/Johanna Geron

საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის გადატრიალების მცდელობამ რუსეთის რეჟიმის სისუსტე აჩვენა. 

"პუტინმა შექმნა ურჩხული და ახლა მას ამ ურჩხულმა უკბინა. ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა დაქირავებულმა ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა რეგულარულ სახელმწიფო ჯარს, აჩვენებს პუტინის რუსეთის პათოლოგიის მასშტაბებს". - აღნიშნავს ბორელი.

ბორელი ასევე ამბობს, რომ "მაშინაც კი, თუ გადატრიალების მცდელობა საბოლოოდ ჩაიშალა, პუტინმა ავტორიტეტი დაკარგა, რასაც მომავალში რეალური შედეგები მოჰყვება".

ბორელის თქმითვე, პუტინმა შეიძლება სცადოს ძალაუფლების ხელახლა კონსოლიდაცია იმ ადამიანების განადგურების გზით, ვინც რუსეთის რეჟიმს წინ აღუდგნენ. 

"თუმცა, აშკარაა, რომ რუსეთის სახელმწიფო ღრმა კრიზისშია". - დასძენს ბორელი.

პრიგოჟინის სამხედრო გადატრიალების მცდელობის კიდევ ერთი შედეგი, ბორელის მიხედვით, რუსეთში მზარდი არასტაბილურობის რისკია - "განსაკუთრებით იმ ქვეყნისთვის, ვინც ბირთვულ იარაღს ფლობს".

"პუტინის რუსეთი წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ევროპის და გლობალური უსაფრთხოებისთვის, მისი ბირთვული არსენალი კი მას არა ნაკლებ, არამედ უფრო საშიშს ხდის მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის". - აღნიშნავს ბორელი.

ვრცლად პრიგოჟინის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ წაიკითხეთ აქ: როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

კომენტარები