მასობრივი აქციები საფრანგეთში

ასობით დაკავებული, დამწვარი მანქანები, დაზიანებული შენობები – რა ხდება საფრანგეთში?

საფრანგეთში მეხუთე დღეა ძალადობრივი პროტესტი მიმდინარეობს: გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა ალჟირელი და მაროკოელი წარმოშობის 17 წლის ფრანგ მოზარდს სასიკვდილოდ ესროლა.

ნანტერიდან - პარიზის მუშათა კლასის გარეუბნიდან, სადაც მოზარდი მოკლეს, ჩრდილოეთ ქალაქ ლილამდე და ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქ მარსელამდე, დემონსტრანტებმა დაწვეს მანქანები, დააზიანეს შენობები და ავტობუსების გაჩერებები.

27 ივნისს მას შემდეგ, რაც პოლიციელმა უიარაღო მოზარდი მოკლა, ფრანგულმა მედიამ, პოლიციის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა, ყვითელი მერსედესის ტარებისას პოლიციელებს შეეჯახა, რის გამოც ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ესროლა.

თუმცა, მალევე Twitter-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებდა; როგორც ირკვევა, მოზარდი ორმა პოლიციელმა გააჩერა, მათგან ერთ-ერთს იარაღი ხელში ეჭირა. 17 წლის მოზარდი გაქცევას ცდილობდა და უცებ გასროლის ხმა გაისმა. პოლიციელმა გამომძიებელს უთხრა, რომ მძღოლის გაჩერებას ცდილობდა, რადგან ეშინოდა, რომ თუ მოზარდი მიმალვას შეძლებდა საფრთხეს შეუქმნიდა მას და მის კოლეგას.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 17 წლის მოზარდის მკვლელობა არის საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების ღრმად ფესვგადგმული რასიზმის ილუსტრაცია. პროტესტში ჩართული ადამიანების აზრით, სახელმწიფო უწყებებიდან არათანაბარი მოპყრობის მსხვერპლი ძირითადად შავკანიანები და ღარიბ უბნებში მცხოვრები მიგრანტი არაბები არიან. 

პარასკევს, 30 ივნისს გამთენიისას გახდა ცხადი იყო, რომ 29-ში დაწყებულმა პროტესტმა ღამით დიდ ქალაქებს მნიშნველოვანი ზარალი მოუტანა Reuters 

შაბათს, პირველ ივლისს მოზარდის დაკრძალვის დღეს პოლიციამ 700-ზე მეტი ადამიანი დააკავა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გვიან ღამით მარსელში აქციის მონაწილეებმა ქუჩების დარბევა დაიწყეს. მეორე დღეს, უკვე ორი ივლისისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 78 ადამიანი დააკავეს და საბოლოოდ პროტესტისას დაკავებულთა რიცხვმა 3 000-ს გაადაჭარბა. ძალადობის შედეგად დაშავდა ასობით პოლიციელი და მეხანძრე, დაიწვა 577 მანქანა და 74 შენობა, გზებზე კი 871 ხანძრის ლიკვიდირება გახდა საჭირო

ვინ არის ნაჰელ ემი?

პოლიციელის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი 17 წლის მოზარდი დედისერთაა - მას დედა პარიზის გარეუბანში, ნანტერში ზრდიდა.

ბებიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნეჰამი მექანიკოსობაზე ოცნებობდა. "ის კეთილი, ძალიან კარგი ბიჭი იყო".

როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, ბიჭი ყველას უყვარდა. დედასთან ერთად ცხოვრობდა და მამას არ იცნობდა.

მისი განათლება არასტაბილური იყო. კოლეჯში დასწრების მაჩვენებელი ცუდი ჰქონდა. ნაჰელს ადრეც შექმნია პრობლემა პოლიციასთან, მაგრამ ოჯახის ადვოკატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მას კრიმინალური წარსული არ ჰქონდა.

გასულ შაბათ-კვირას, გავრცელებული ინფორმაციით, ნაჰელი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო უნდა დაეკავებინათ და არასრულწლოვანთა სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო.

გასული წლის სექტემბერში მოსამართლემ "დისციპლინური პასუხისმგებლობა" შეუფარდა. პრობლემების უმეტესი ნაწილი, რაც მას შეექმნა მანქანებთან იყო დაკავშირებული: მართვის მოწმობისა და დაზღვევის გარეშე ტარება და მართვისას ყალბი ნომრების გამოყენება.

ნაჰელი ბოლო სამი წელი ნანტერის სარაგბო კლუბში თამაშობდა: ჩართული იყო სკოლის ინტეგრაციის პროგრამაში, რომელიც რთულად აღსაზრდელ ბავშვებს ეხმარება.

პარიზში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებია ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდებს

ნაჰელის ბებიის თქმით, მეამბოხეები 17 წლის მოზარდის სიკვდილს ნგრევის გამომწვევ საბაბად იყენებდნენ, ხოლო ოჯახს სიმშვიდე სურს.

როგორც ჩანს, ძალადობა თანდათან მცირდება. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯერალდ დარმანინის ოფისის განცხადების მიხედვით, 45 000 პოლიციელი კვლავ ქუჩაში რჩება.

კაცი ცეცხლმოკიდებული მანქანის წინ, ლე პორტში პოლიციასთან შეტაკებისას 

AP News-ის წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გუშინ, 2 ივლისს უსაფრთხოების სპეციალური შეხვედრა გამართა და დღეს კი გეგმავს შეხვდეს პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებს და ხვალ, 4 ივლისისთვის კი იმ 220 ქალაქის მერს, რომლებიც პროტესტის შედეგად დაზარალდნენ. 

ბოლო დღეებში პოლიციის რამდენიმე განყოფილება და მერია ხანძრის ან ვანდალიზმის სამიზნე გახდა. ამასთან, მომიტინგეები თავს დაესხნენ მერის სახლს, რომელსაც მანქანით დაეჯახნენ და ცეცხლი წაუკიდეს.

პარიზის გარეუბნის მერის თქმით, მომიტინგეებმა მისი ოჯახის მკვლელობა სცადეს

მაკრონი სოციალურ მედიას ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა გაავრცელა გააფრთხილა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც Snapchat-ზე ან სხვა აპლიკაციებზე ძალადობის მოწოდებებს აზიარებენ, შესაძლოა, პასუხიგებაში მიეცენ.

რას მოითხოვენ დემონსტრანტები?

დემონსტრანტები სკანდირებდნენ - "სამართლიანობა ნაჰელისთვის". მართალია, პროტესტი მოზარდის სიკვდილის გარშემო დაიწყო, თუმცა უკვე აქციის მონაწილეების მოთხოვნები გაფართოვდა

"ისინი ცდილობენ, გამოიყენონ ეს შემთხვევა, როგორც შესაძლებლობა, დაიწყონ ფართო დებატები იმის შესახებ, რასაც ისინი პოლიციის სისტემურ, განსაკუთრებით მუშათა კლასის გარეუბანში, ძალადობად მიიჩნევენ". - ამბობს npr-ის ჟურნალისტი. 

გასულ წელს საგზაო მოძრაობის დარღვევების გამო გაჩერების შემდეგ 13 ადამიანი დაიღუპა. ფრანგული მედიის ცნობით, ეს რეკორდული მაჩვენებელია.

ბევრი არეულობას 2005 წელს მიმდინარე მოვლენებს ადარებს, როდესაც საფრანგეთში გამოსვლები სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მაშინდელი პრეზიდენტი, ჟაკ შირაკი იძულებული გახდა, საგანგებო მდგომარეობაც გამოეცხადებინა. 

მაშინ ძალადობის ტალღა მთელ ქვეყანას მოედო, რადგან პარიზის გარეუბანში ორი ახალგაზრდა პოლიციისგან დამალვისას ელექტროშოკით დაიღუპა. შემთხვევის გამო ორი პოლიციელი გაასამართლეს. 

კომენტარები