საფრანგეთი

პარიზის გარეუბნის მერის თქმით, მომიტინგეებმა მისი ოჯახის მკვლელობა სცადეს

პარიზის გარეუბნის მერის, ინსენტ ჟანბრუნის თქმით, 2 ივლისის დილას მის სახლს თავს დაესხნენ და მისი ოჯახის მკვლელობა სცადეს. 

"დილის 1:30 საათზე, როცა მერიაში ვიყავი გასული სამი ღამის მსგავსად, მომიტინგეები ჩემს საცხოვრებელ სახლს მანქანით დაეჯახნენ და ცეცხლი წაუკიდეს, რათა სახლი დაეწვათ. ბავშვების დაცვისა და თავდამსხმელებისგან თავის დაღწევის მცდელობისას დაშავდა ჩემი მეუღლე და ჩემი ერთ-ერთი შვილი." - თქვა მერმა.

საფრანგეთში მასობრივი დემონსტრაციები პოლიციის მიერ 17 წლის ალჟირელი მოქალაქის მკვლელობას მოჰყვა. პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს სავარაუდოდ მას შემდეგ ესროლა, რაც მისი ავტომობილი მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს. ოფიცერი ამჟამად დაკავებულია და მისი დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

მოქალაქე 1-ელ ივლისს პარიზის გარეუბნის, ნანტერის მეჩეთში დაკრძალეს. ალჟირელი ბიჭი სწორედ ამ უბანში მოკლეს და მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებაც აქ დაიწყო.

იმისდა მიუხედავად, რომ მოკლულის დედა მხოლოდ ოფიცერს ადანაშაულებს, მკვლელობამ მაინც მასობრივი სახე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პარიზის გარეუბნებში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებასა და ძალის გამოყენებას საფრანგეთის მოსახლეობა აქამდეც აპროტესტებდა. მოქალაქეები ქუჩაში ეთნიკურად მრავალფეროვან უბნებში სამართალდამცავების სისასტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ გასულ ღამეს 700 მომიტინგე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, ღამეში 45 პოლიციელი და 74 შენობა დაშავდა, აქედან 26 პოლიცია და ჟანდარმერიაა. მომიტინგეებმა 577 მანქანა დაწვეს.

მანამდე, პოლიციელებმა კიდევ 1 300 მომიტინგე დააკავეს. საჯარო გზებზე ღამეში 2 560 ხანძარი დაფიქსირდა.

დაკავებულთა შორის უმრავლესობა არასრულწლოვანია. სამინისტროს ინფორმაციით, მათი საშუალო ასაკი 17 წელია.


საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ნაჰელის სიკვდილს ინსტრუმენტად იყენებენ  და მოზარდის სიკვდილით ექსპლუატაცია მიუღებელია.

"არსებული ვითარება მიუღებელი და გაუმართლებელია". - აღნიშნავს მაკრონი. ასევე, პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა, თუმცა, განმარტა, რომ გატარდება რიგი ღონისძიებები საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად.

ამასთან, პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გერმანიაში დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი გადადო.

კომენტარები