ესპანეთი-უკრაინა

ესპანეთი უკრაინას 55 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი რადაში
უკრაინის რადას ოფიციალური ვებგბერდი

ესპანეთი უკრაინას 55 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა უკრაინის რადაში გამოსვლისას ისაუბრა.

მისივე თქმით, ესპანეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე, მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს.

სანჩესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია ესპანეთის გრძელვადიანი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. მისი თქმით, 55 მილიონი ევროს დახმარების ახალი პაკეტიდან 51 მილიონი მსოფლიო ბანკის მეშვეობით უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაიცემა, დანარჩენი თანხა კი სკოლების აღდგენას მოხმარდება.

"მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენთან ვართ და ვიქნებით რამდენი ხანიც საჭირო იქნება. მინდა ვთქვა, რომ ფასის მიუხედავად, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას". - თქვა სანჩესმა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთი გახდა NATO-ს 21-ე წევრი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ უკრაინასთან ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივლისს ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ნიშნად კიევში ჩავიდა.

კომენტარები