თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე

საგამოძიებომ უნდა დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი აზრის გამოხატვის გამო დევნას – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა ეხმაურება. ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას, შსს-დან საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცეს, რატა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი აზრის გამოხატვის გამო დევნას.

"საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა". - წერია განცხადებაში.  

მიშა მშვილდაძეს თავს დღეს, 27 ივნისს დაესხნენ - უცნობმა პირმა მას სახეში ჩაარტყა. როგორც მშვილდაძე ამბობს, თავდამსხმელმა უთხრა - "შენ პატრიარქს როგორ აგინებ". 

უცნობი პირი დამესხა თავს კარფურის შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ, ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ.

შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები... ალბათ გაიქცნენ იმიტომ, რომ მერე დაცვა მოვიდა, დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს, სანამ ცდილობდა, რომ ერტყა. შეძახილი, რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვისენე, ახსენა პატრიარქი "შენ პატრიარქს როგორ აგინებ" თუ რაღაც მსგავსი". - ამბობს მშვილდაძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები