თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე

მედიაკოალიცია მშვილდაძეზე: ხელისუფლების უმოქმედობა მსგავს დანაშაულებს უფრო ახალისებს

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია ფორმულას თანადამფუძნებელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას და მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიძიოს ფაქტი. 

"ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ დანაშაულებზე უმოქმედობა, კრიტიკული აზრის მიმართ ანტაგონისტური რიტორიკა თუ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მსგავსი სახის დანაშაულებს კიდევ უფრო ახალისებს. 

[...] ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში როგორც ხელისუფლების და, საზოგადოდ, ძალაუფლების მქონეთა მაკონტროლებლები.  ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებელზე თავდასხმა აშკარა მცდელობაა, ჩაახშოს მედიის თავისუფლება და არ მისცეს ჟურნალისტებს საშუალება, თავიანთი პროფესიული მოვალეობა შეასრულონ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიძიოს მიშა მშვილდაძეზე თავდახმის ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავე პირები კანონის მთელი სიმკაცრით დროულად დაისაჯონ". - წერია განცხადებაში. 

მიშა მშვილდაძეს თავს დღეს, 27 ივნისს დაესხნენ - უცნობმა პირმა მას სახეში ჩაარტყა. როგორც მშვილდაძე ამბობს, თავდამსხმელმა უთხრა - "შენ პატრიარქს როგორ აგინებ". 

უცნობი პირი დამესხა თავს კარფურის შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ, ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ.

შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები... ალბათ გაიქცნენ იმიტომ, რომ მერე დაცვა მოვიდა, დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს, სანამ ცდილობდა, რომ ერტყა. შეძახილი, რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვისენე, ახსენა პატრიარქი "შენ პატრიარქს როგორ აგინებ" თუ რაღაც მსგავსი". - ამბობს მშვილდაძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები