თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე

ქარტია მშვილდაძეზე: ხშირი თავდასხმების გამომწვევი ფაქტორი მთავრობის აგრესიული რიტორიკაა

ფორმულა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ეხმაურება. ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ფაქტი. 

"ქარტია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკა და დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.

ქარტია მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა". - წერია განცხადებაში.

მიშა მშვილდაძეს თავს დღეს, 27 ივნისს დაესხნენ - უცნობმა პირმა მას სახეში ჩაარტყა. როგორც მშვილდაძე ამბობს, თავდამსხმელმა უთხრა - "შენ პატრიარქს როგორ აგინებ". 

უცნობი პირი დამესხა თავს კარფურის შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ, ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ.

შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები... ალბათ გაიქცნენ იმიტომ, რომ მერე დაცვა მოვიდა, დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს, სანამ ცდილობდა, რომ ერტყა. შეძახილი, რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვისენე, ახსენა პატრიარქი "შენ პატრიარქს როგორ აგინებ" თუ რაღაც მსგავსი". - ამბობს მშვილდაძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები