პრიგოჟინის ამბოხება

რუსეთის სამხედრო პოლიციამ სირიაში ვაგნერის 4 მეთაური დააკავა – არაბული მედია

ვაგნერის ჯგუფი
ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახური კონკორდი

რუსეთის სამხედრო პოლიციამ ვაგნერის 4 მაღალი რანგის მეთაური დააკავა, მათ შორის 3 ხმეიმიმის ავიაბაზაზე. ამის შესახებ ინფორმაციას არაბულენოვანი Telegram არხი Al-Hadath ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, დაკავებების გარდა, რუსეთის სამხედრო პოლიცია დეირ ეზ-ზორში, ჰამასა და დამასკოში ვაგნერის შტაბებში მივიდა. არც ვაგნერს და არც რუსულ და ირანულ მხარეებს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

გუშინ, 26 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უარყო ამერიკული მედიის ინფორმაცია, რომ არსებობს დაძაბულობა იმ აფრიკის ქვეყნებში, სადაც ვაგნერი მუშაობს. მისი თქმით, 23-24 ივნისს ვაგნერის აჯანყების ფონზე, რუსეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ შეცვლილა.

პარალელურად, ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ადასტურებს, რომ ევგენი პრიგოჟინი უკვე ბელარუსშია.

"უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ის (პუტინი) გუშინ დაპირდა, უზრუნველყოფილია. ვხედავ, პრიგოჟინი უკვე ამ თვითმფრინავით დაფრინავს. დიახ, ნამდვილად, ის დღეს ბელარუსშია". – თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები