საქართველო-აშშ

მილერი: გვაშფოთებს ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთზე დაწესებული სანქციების არიდებას შეეცდება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა კითხვაზე პასუხად, რომელიც სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო'ბრაიენის საქართველოში ვიზიტს ეხებოდა, თქვა, რომ აშშ-ს აშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთზე დაწესებული სანქციების არიდებას შეეცდება.

– ბოლო შეკითხვა საქართველოზე. სანქციების განხილვის მიზნით ელჩი ო'ბრაიენი ევროპელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად თბილისში ხვალ მიემგზავრება. ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარება. შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: რატომ ახლა და რა ინსტრუმენტები გაქვთ იმის ფონზე, რომ ეს მოლაპარაკებები ხვალ იწყება?

– მე არ მსურს ამ დისკუსიებზე დეტალურად საუბარი. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ გვაშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთს მასზე დაწესებული სანქციების არიდებაში ეხმარება - სანქციების და სხვა ზომების, რომლებიც ჩვენი დაწესებულია. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს, რომლითაც შეგვეძლება გავამკაცროთ სანქციები ან მკაცრი ზომები შემოვიღოთ ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ, რომელიც მათ თავიდან აცილებს ცდილობს. არ იქნება მიზანშეწონილი, ჩემგან ამაზე დაწვრილებით საუბარი.


ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისს 26 ივნისს ეწვია, დელეგაციაში ასევე იმყოფებიან სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი. 

ვიზიტის ფარგლებში, 27 ივნისიდან გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან  ილია დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან  არჩილ მესტვირიშვილთან და გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან.  დევიდ ო’სალივანი, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ო’სალივანის შეხვედრა პრესასთანაც.

ო'სალივანისა და ო'ბრაიენის თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. იგი ასევე ეწვევა რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. გამოცემა POLITICO-ს ცნობით, 2023 წლის გაზაფხულზე ო'სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის შემთხვევების მონიტორინგისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო სრულად ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურს სანქციებს, თუმცა მომატებულია რუსეთის მიმართულებით ელექტრონული ნივთების ტრანზიტი, რაც ლეგალური აღარ არის. ამასთან, ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ აზარალებს.

მანამდე, ო'ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი გარკვეული სანქციებისთვის თავის არიდებას სხვა სახელმწიფოების გავლით ცდილობს, რაც ხელს უშლის შეზღუდვების მიზნების შესრულებას. 

კომენტარები