საქართველო-აშშ

საელჩო ო'ბრაიენზე: ველით ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციისთვის

ECFR

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო'ბრაიენის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. საელჩოს ცნობით, ო'ბრაიენი კოლეგებთან ერთად თბილისს ეწვევა, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და მათი ეფექტური განხორციელება.

"ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება". – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, ვიცეპრემიერ და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცეპრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან.

"ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ". – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვევა, დელეგაციაში ასევე იმყოფებიან სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.


ო'სალივანისა და ო'ბრაიენის თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. იგი ასევე ეწვევა რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. გამოცემა POLITICO-ს ცნობით, 2023 წლის გაზაფხულზე ო'სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის შემთხვევების მონიტორინგისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო სრულად ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურს სანქციებს, თუმცა მომატებულია რუსეთის მიმართულებით ელექტრონული ნივთების ტრანზიტი, რაც ლეგალური აღარ არის. ამასთან, ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ აზარალებს.

მანამდე, ო'ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი გარკვეული სანქციებისთვის თავის არიდებას სხვა სახელმწიფოების გავლით ცდილობს, რაც ხელს უშლის შეზღუდვების მიზნების შესრულებას. 

კომენტარები