პრიგოჟინის ამბოხება

WP: აშშ-მ ივნისის შუა რიცხვებში შეიტყო, რომ პრიგოჟინი შეიარაღებულ მოქმედებებს გეგმავდა

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა ივნისის შუა რიცხვებში მოიპოვეს ინფრომაცია იმის შესახებ, რომ  კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ შეიარაღებულ მოქმედებებს გეგმავდა - ის თავდაცვის ძალებს უკრაინაში მიმდინარე ომის გაჭიანურებაში ადანაშაულებდა. როგორც გამომცემლობა The Washington Post-ი წერს, ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელი ოფიციალური პირები ავრცელებენ. 

ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, რომელმაც გამომცემლობასთან ანონიმურობის დაცვით ისაუბრა, ამბობს, რომ  პრიგოჟინის გეგმების ზუსტი მიზანი და დრო არ იყო ნათელი მანამ, სანამ მისი ტანკები 23 ივნისს მოსკოვის მიმართულებით არ გაეშვებონდნენ. თუმცა "იყო საკმარისი სიგნალები, რითაც ხელმძღვანელობას შეეძლო ეთქვა… რომ რაღაც ხდებოდა."

მისივე თქმით, გასული ორი კვირის განმავლობაში იყო გაურკვევლობა  იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო - დარჩებოდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში და როგორ აისახებოდა ქვეყანაში არსებული არასტაბილურობა ბირთვული არსენალიკს კონტროლზე.

ანონიმურმა წყარომ ასევე თქვა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლებთან ერთად პრიგოჟინის გეგმების შესახებ პენტაგონიც იყო ინფორმირებული, რომელმაც გასულ კვირას ინფორმაცია კონგრესსაც გაუზიარა.


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

კომენტარები