ჯორჯიან მანგანეზი

მაღაროელებისა და Georgian Manganese-ის შეთანხმების შედეგად მაღარო მუშაობას 1-ელი ივლისიდან განაახლებს 

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები, 12 ივნისი
მაღაროელი / Facebook

მაღაროელებსა და Georgian Manganese-ს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

"2022 წლის ინფლაციის მაჩვენებელი 11,9% იყო. შეთანხმების მიხედვით, პირველი იანვრიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით, დასაქმებულებს ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით, დაემატებათ 100%-იანი ხელფასის 5% იმ 60%-იან ხელფასზე, რომელზეც თებერვლიდან მუშაობდნენ, პირველი ივლისიდან კი, დამატებით 6,9%. აღნიშნული შეთანხმება მოხდა პროფესიულ კავშირებისა და დამსაქმებელს შორის არსებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში, სადაც 6.7 პუნქტის თანახმად გაწერილია ინფლაციის ინდექსის მატება ხელფასზე „1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება, ხოლო თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, იქნება მოლაპარაკების საგანი.

იქედან გამომდინარე, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტის ფონზე მოლაპარაკება, პროფკავშირებმა დამსაქმებელს მიმართა თხოვნით, 2022 წლის მაჩვენებლის ათვისება სრულად მომხდარიყო. დამსაქმებელმა, კოლექტიური შეთანხმების ფარგლებში, გაითვალისწინა თხოვნა და ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, დასაქმებულებს ანაზღაურება სრულად ემატებათ.

ნიშანდობლივია, რომ მოთხოვნილ დანარჩენ 13 პუნქტზეც, დამსაქმებლის მხრიდან ძალაში რჩება პრინციპული თანხმობა, შეიქმნას ერთობლივი კომისია: დასაქმებულების, პროფესიული კავშირების, სახელმწიფოს წარმომადგენლის, შრომის ინსპექციის წარმომადგნელებისგან და შესაბამისად მოხდეს ამ საკითხების განხილვა, მოწესრიგება და აღმოფხვრა". - ვკითხულობთ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.

ჭიათურაში მე-18 დღეა, ყველა მაღარო გაჩერებულია – 3 000-მდე გაფიცული მაღაროელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ხელფასების ზრდას ითხოვს. მაღაროელები მე-11 დღეა, ჭიათურაში შიმშილობენ, ასევე, მე-4 დღეა, პარლამენტის წინ შიმშილობენ თბილისში ჩამოსული გაფიცული თანამშრომლებიც. 

18 ივნისს ჭიათურაში გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. კიდევ ერთმა დასაქმებულმა კი ხელზე თვითდაზიანება მიიყენა. ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა, რომელიც შიმშილობს, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა მაღაროელთა 18 ივნისს პროტესტის შესახებ განცხადება გაავრცელა. კომპანია დასაქმებულებს 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნებას და 12-საათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობდა, ამასთან გაფიცულებს პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-ით გაზრდის პირობას აძლევდა და ჰპირდებოდა, რომ "მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაიზრდებოდა თანამშრომელთა ხელფასიც". 

რას და რატომ აპროტესტებენ ჭიათურელი მაღაროელები?

კომენტარები