ჭიათურაში დარკვეთის მაღარო მეორე დღეა გაჩერებულია - მაღაროელები გაიფიცნენ, ისინი 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლას და მის შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ.
მათი თქმით, 5 თვის წინ კომპანია Georgian Manganese-თან მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, მათი სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება უკეთესობისკენ არ შეცვლილა.
"5 თვის წინ იყო საკითხი დაყენებული, რომ დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებს, თავისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდოდათ 12-საათიანი გრაფიკით ემუშავათ. შეთანხმებაში, 15-პუნქტიან მოთხოვნაში იყო ეს შეტანილი. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო, ხელიც მოეწერა. თუმცა გავიდა 5 თვე, არ შესრულდა ეს შეთანხმება, ახალი მოთხოვნები რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა. იყო სიტყვიერი დაპირება, რომ დარკვეთის მაღარო მზად იყო დარკვეთის მაღარო გადასულიყო 12-საათიანზე. ასევე დადო პირობა, რომ აქედან არცერთი 149 თანამშრომლიდან არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდებოდა და ამ რეორგანიზაციის შედეგად არ დატოვებდა მაღაროს. უბრალოდ, ვერ შევთანხმდით ხელფასის მონაკვეთზე". - ამბობს მაღაროს ერთ-ერთი თანამშრომელი.
ივნისში 3 000-მდე მაღაროელის გაფიცვის შემდეგ მათსა და Georgian Manganese-ს შორის მიღწეული შეთანხმებით, კომპანია დასაქმებულებს 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნებას და 12-საათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობდა, ამასთან გაფიცულებს პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-ით გაზრდის პირობას აძლევდა და ჰპირდებოდა, რომ "მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაიზრდებოდა თანამშრომელთა ხელფასიც".
წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან რას და რატომ აპროტესტებენ ჭიათურელი მაღაროელები?