დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ფაშინიანი: სომხეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს ვაშინგტონში მომდევნო კვირას გამართავს

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს მოლაპარაკებებისთვის მომდევნო კვირას ვაშინგტონში შეხვდებიან.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანისა და მის კოლეგას, ჯეიჰუნ ბაირამოვის შორის შეხვედრა 12 ივნისს იყო დაგეგმილი. სომხეთის მხარის ცნობით, შეხვედრა აზერბაიჯანის მოთხოვნით გაუქმდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით კი შეხვედრა სრულად “ტექნიკური მიზეზით” გადაიდო.

"ყველანაირად უნდა ვეცადოთ, დავამყაროთ მშვიდობა და ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის მივაღწიოთ შეთანხმებას". - ამბობს ფაშინიანი.

გასულ თვეს ვაშინგტონში 4-დღიანი შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრების ცნობით, პროგრესი მიიღწა. ამასთან, მაისში მინისტრები შარლ მიშელსაც შეხვდნენ.

19 ივნისის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო შეტაკებები ყოველ დღე მიმდინაორებდა. ამ დღეებში მხარეებმა ცეცხლი გაცვალეს როგორც სომხეთის აღმოსავლეთ საზღვრის, ისე სომხეთისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სასაზღვრო მონაკვეთშიც. შეტაკებები მოხდა მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც.


22 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.

86 600 და 29 800 კვადრატული კილომეტრი – ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. აქამდე, აპრილის შუა რიცხვებში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და ამავეს ელოდა ბაქოსგან.

ფაშინიანმა ამას გარდა აღნიშნა, რომ საჭიროდ თვლის ყარაბაღში გაიგზავნოს ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისია.

ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება

25 მაისს კი სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთამენეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ მან მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ფაშინიანის მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, მშვიდობიანი შეთანხმების პერსპექტივა რეალურია.

კომენტარები