რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU-ს სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებულ ცხინვალში დაარსებული ბანკი მოხვდა – RFE/RL

TACC

Radio Free Europe/Radio Liberty, რომელმაც ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის დოკუმენტი მოიპოვა, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ ცხინვალში დაარსებული საერთაშორისო გადარიცხვების ბანკი (MRB Bank) სანქცირებულთა სიაში მოხვდა.

დოკუმენტის მიხედვით, საერთაშორისო გადარიცხვების ბანკმა ოფისები გახსნა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, სადაც რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლქვეშ მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს. დოკუმენტში საუბარია ბანკომატების დამონტაჟებასა და ლუგანსკის რეგიონში ფილიალის გახსნაზეც.

"ამრიგად, ბანკი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ძირს უთხრის". - წერია დოკუმენტში.

საერთაშორისო გადარიცხვების ბანკზე The Washington Post-ი ჯერ კიდევ 2018 წელს წერდა. გამოცემის მიხედვით, ბანკი ცხინვალის სტალინის ქუჩაზე გაიხსნა და რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლით აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დაფინანსებაში აქტიურად იყო ჩართული.


ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოს, შვედეთის წარმომადგენლობის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ. ახალი პაკეტი ძირითადად უკვე არსებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილე მესამე ქვეყნებისა და კომპანიების წინააღმდეგაა მიმართული.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციაში მონაწილეობისთვისა და სხვა მიზეზების გამო, სანქცირებულთა სიას 71 პირი და 33 ორგანიზაცია დაემატა. ევროკავშირში მათი აქტივები სრულად გაიყინება.

კომენტარები