საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

გაგა ჩხეიძე: ხუბუნიას თქმით, მინისტრი სასურველი პროექტების გარეშე ბიუჯეტს არ დაამტკიცებდა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილმა დირექტორმა, გაგა ჩხეიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 

"ორიოდე სიტყვით მსურს გამოვეხმაურო კულტურის მინისტრის პოლიტიკურად ანგაჟირებულ, ცინიზმით, ყალბი პათეტიკითა და სიცრუით სავსე განცხადების ერთ-ერთ საკითხს, კერძოდ, ბატონ კობა ხუბუნაიას დანიშვნას ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

ჯერ ზოგადად ვიტყვი: ეკონომისტების და იურისტების საწინააღმდეგო პირადად მე არაფერი მაქვს, პირიქით, მაგრამ სრულიად დაუშვებელია, რეორგანიზაციას და, მით უმეტეს, რეფორმას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც კინოს სფეროსთან არასდროს ჰქონია შეხება. ეკონომისტი, იურისტი და ფინანსისტი შეიძლება რეფორმების განმახორციელებელ ჯგუფში მოიაზრებოდნენ და არა ხელმძღვანელად.

ახლა კონკრეტულად: ბატონ კობასთან ხშირი კონტაქტი მქონდა 2022 წლის იანვარში. კულტურის მინისტრის დავალებით კობა ხუბუნაიამ გამომიცხადა, რომ მინისტრი არ დაგვიმტკიცებდა ბიუჯეტს, სანამ ბიუჯეტის გრაფაში არ ჩავსვამდი მინისტრისთვის სასურველ ორ პროექტს თანხის დამატების მიზნით (ავტორების დასახელებისგან თავს შევიკავებ). როგორც ჩანს, მინისტრი პირადად დაპირდა პროექტების ავტორებს თანხის დამატებას და საკუთარი მითითების შესრულება კობა ხუბუნაიას დაავალა. ეს იყო შანტაჟი სამინისტროს მხრიდან, განხორციელებული კობა ხუბუნაიას ხელით. ბატონი კობა დამემუქრა, რომ თუ მოთხოვნა არ შესრულდებოდა, სამინისტრო ბიუჯეტს არ დაგვიმტკიცებდა და ხელფასებს ვერ გავცემდით. მე უარით ვუპასუხე, რადგან თანხის დამატებას ჭირდება კომისიის დასკვნა, კობა ხუბუნაია კი დადგენილი წესის დარღვევას მაიძულებდა. მართლაც, ბიუჯეტის არ-დამტკიცების გამო კინოცენტრის ფინანსური საქმიანობა ორი კვირის განმავლობაში იყო პარალიზებული. რა ცინიზმია, როცა მინისტრი ამის შემდეგ გვესაუბრება "ჩაწყობის" დაუშვებლობაზე". – წერს ჩხეიძე სოციალურ ქსელში.


საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ  დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.  "დაინიშნოს დემოკრატიულად და არა სამინისტროს მხრიდან სადამსჯელო ღონისძიების აღმასრულებელი ადამიანი".- ამბობენ ისინი. 

კინოცენტრში იყო მისული  პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი  და წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ფორმულასთან საუბარში მან თქვა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ჩაერთვება და მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს პროტესტი. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მას უხერხულობას უქმნის ფორმულას "მიკროფონში პასუხის გაცემაა". 

ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაა, რომელიც  კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ. 

რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილ მალევე, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. 

14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს.  ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ  რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.

20 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

კომენტარები