საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

კულტურის სამინისტრო კინოცენტრის თანამშრომელზე: ტელევიზიების დასანახად კარზე აკაკუნებს

კადრი ფილმიდან ცისფერი მთები

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

"[...] რეორგანიზაციის პროცესში, კინოცენტრში დასაქმებული ყველა თანამშრომელი მიმდინარე წლის 12 ივლისამდე ირიცხება თანამშრომლად და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი, ამბოხის მოტივით, არ ასრულებს დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, ყველა მათგანი შესაბამის გასამრჯელოს შეუფერხებლად იღებს. არცერთ თანამშრომელს არ ჰქონია და არ აქვს რაიმე სახის შეზღუდვა საკუთარი საქმიანობის განხორციელებასა თუ შენობაში შესვლასთან დაკავშირებით. ამის მაგალითია, თუნდაც, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსი ბატონი კონსტანტინე ჩლაიძე, რომელსაც რეორგანიზაცია საერთოდ არ ეხება, ის ამის შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ, ტელევიზიების დასანახად, მაინც კარზე აკაკუნებს. კადრს მიღმა კი, ბატონი კონსტანტინე ჩვეულებრივ შედის კინოცენტრში და აქვს აქტიური კომუნიკაცია ბატონ კობა ხუბუნაიასთან. ასევე გაუგებარია ერთ-ერთი მოქმედი თანამშრომლის, ბატონი ლევან აბდუშელიშვილის კარზე კაკუნი, რომელსაც, ამჟამად არა ერთი, არამედ ერთდროულად ორი პოზიცია უჭირავს კინოცენტრში და ორივე პოზიციაზე სამუშაოდ კინოცენტრის კარი მისთვის კაკუნის გარეშეც ღიაა. თუმცა, 12 ივლისიდან, მას მოუწევს მხოლოდ ერთ პოზიციაზე მუშაობა გამართული მენეჯმენტის პრინციპიდან გამომდინარე, რაც, სავარაუდოდ, უნდა იყოს მისი გაღიზიანების მიზეზიც.

ვფიქრობთ, მსგავსი თანამშრომლების მხრიდან უსაფუძვლო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კონკურსების გამოცხადება მოხდება კონკრეტული თემების მითითებით, რომ თითქოს კინოცენტრი გახდება ხალხისთვის ჩაკეტილი ორგანიზაცია და მსგავსი მითების ტირაჟირება საკუთარი შეცდომების გადაფარვას უფრო ემსახურება, ვიდრე კინოცენტრსა და ქართულ კინოზე ზრუნვას, რისთვისაც თითოეულ მათგანს მრავალი წელი ჰქონდა[...]" – წერია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს კულტურის სამინისტროს სრულ განცხადებას გაეცანით ამ ბმულზე.


საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ  დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.  "დაინიშნოს დემოკრატიულად და არა სამინისტროს მხრიდან სადამსჯელო ღონისძიების აღმასრულებელი ადამიანი".- ამბობენ ისინი. 

კინოცენტრში იყო მისული  პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი  და წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ფორმულასთან საუბარში მან თქვა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ჩაერთვება და მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს პროტესტი. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მას უხერხულობას უქმნის ფორმულას "მიკროფონში პასუხის გაცემაა". 

ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაა, რომელიც  კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ. 

რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილ მალევე, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. 

14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს.  ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ  რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.

კომენტარები