საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

კულტურის სამინისტრო კინოცენტრზე: ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ჩაფიქრებული ნაბიჯია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

"განცხადება კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებასა თუ სოციალურ ქსელში ბოლო დღეების მანძილზე სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (კინოცენტრი) გარშემო ატეხილ სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კინოცენტრს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს.

მიმდინარე რეორგანიზაცია და სამომავლო რეფორმა

2023 წლის 10 ივნისს, კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც 12 ივლისს დასრულდება და სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. მოცემული რეორგანიზაციის მიზანია, კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და კინოს ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო რეფორმა, რომლის კონკრეტული შინაარსიც რეალურად საქმით დაინტერესებული პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ უნდა განისაზღვროს, გულისხმობს დღეს არსებულ ფინანსური მართვის სისტემაში ხარვეზების აღმოფხვრა-გაუმჯობესებას, სახელმწიფო თანხების ხარჯვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის მიღწევას, ასევე, ნეპოტიზმის აღმოფხვრას, კონკურსების გამართული და მეტად სამართლიანი მოდელის დანერგვას, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს კიდევ მეტად წარმოჩენას, კერძო ინვესტორების მოზიდვაში ხელოვანთა მხარდაჭერას, კოპროდუქციებისათვის ხელშეწყობას, ახალი თაობის კინოხელოვანთა ხელშეწყობას და, საბოლოო ჯამში, კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს კინოცენტრის რეფორმა და მისი გაძლიერების პრიორიტეტი კინოს დარგში ცენზურას ისახავდეს მიზნად. მოცემულ უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც - მომავალში.

როგორც 2023 წლის 7 ივნისს წარადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მის მიერ 2022 წელს დარგის მოწვეული სპეციალისტების მიერ შემუშავებული სახელოვნებო განათლების რეფორმა ფართო საზოგადოების წინაშე დისკუსიისათვის, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. სამინისტრო კინოხელოვანებთან შეხვედრების სერიას ზუსტად ისევე გამართავს, როგორც ეს მოხდა თეატრის შესახებ კანონისა და სახელოვნებო განათლების რეფორმების შემთხვევაში, როდესაც, არაერთი თვის მანძილზე, დარგის სპეციალისტების ჩართულობით შექმნილი ჯგუფები სამინისტროსთან ერთად მუშაობდნენ არაერთი საჭირბოროტო საკითხის გადასაჭრელად. მხოლოდ, კინოს შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, საჭიროა, თავად კინოცენტრს სურდეს რეფორმა ქართული კინოს ინტერესების გათვალისწინებით, იყოს ამისათვის მზად და, საკუთარი თავით ტკბობის ნაცვლად, საკუთარი თავის ჩაყენება თანაბრად სურდეს ყველა თაობის კინოხელოვანის სამსახურში მის ხელთ არსებული ფინანსური, ბიუროკრატიული, საერთაშორისო და სხვა რესურსით. ვთვლით, რომ ტელეფონით და მეგობრობით მოგვარებული საქმეები არ არის მდგრადი სისტემა და ამგვარი სისტემის არარსებობა ზიანს აყენებს ქართულ კინოსა და შემოქმედებით თავისუფლებას.

მოცემულ და სხვა თემებზე კონსტრუქციული დიალოგისათვის, სამინისტრო სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან და პირთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრებს მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყებს[...]" – წერია კულტურის სამინისტროს პოსტში. 

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სრულ პოსტს გაეცანით ამ ბმულზე.


საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ  დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.  "დაინიშნოს დემოკრატიულად და არა სამინისტროს მხრიდან სადამსჯელო ღონისძიების აღმასრულებელი ადამიანი".- ამბობენ ისინი. 

კინოცენტრში იყო მისული  პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი  და წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ფორმულასთან საუბარში მან თქვა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ჩაერთვება და მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს პროტესტი. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მას უხერხულობას უქმნის ფორმულას "მიკროფონში პასუხის გაცემაა". 

ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაა, რომელიც  კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ. 

რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილ მალევე, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. 

14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს.  ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ  რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.

კომენტარები