საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

სალომე ჯაში კობახიძეს: თუ რამე სამარცხვინოა, არის ის, რაც დღეს კინოცენტრში ხდება

რეჟისორი სალომე ჯაში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ჯაშის ფილმი, "მოთვინიერება" სამარცხვინოა და მისი დაფინანსების უკან აშკარად პოლიტიკური მიზეზი იკვეთებოდა.

ჯაში კობახიძეს პასუხობს, რომ თუ რაიმე სამარცხვინოა, არის დღეს კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები, რაც რეჟისორმა კულტურის სამინისტროს მხრიდან კინოცენტრის უზურპაციად შეაფასა.

"როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეშინია თავისუფალი გამოხატვის, თავისუფალი ხელოვნების. ეშინია ხელოვნების, რომელიც კითხვებს სვამს და სხვადასხვა აზრს აღძრავს. ეს ფილმი, "მოთვინიერება" ცალსახად პოლიტიკური არ არის. ის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება, ბევრად უფრო ფართოა [...] კობახიძემ თქვა, კინოცენტრმა ასეთი სამარცხვინო ფილმები კი არ უნდა დააფინანსოს, არამედ, სწორი ფილმები უნდა დააფინანსოსო. საინტერესოა, კობახიძისთვის სწორი ფილმი რა არის [...]  თუ რამე სამარცხვინოა, არის კულტურის დღევანდელი პოლიტიკა, რაც დღეს კინოცენტრში ხდება. ეს არის კულტურის სამინისტროს მხრიდან კინოცენტრის უზურპაცია. იქ გარედან დანიშნულები არიან ადამიანები, რომლებიც, შეიძლება, უბრალოდ კარგი ადამიანები არიან, მაგრამ კინოს სფერო საერთოდ არ ესმით. ეს მიზანმიმართული დესტრუქციაა". - ამბობს სალომე ჯაში TV პირველთან საუბარში.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ივანიშვილმა ინვესტიცია ჩადო პარკის მოწყობაში, რომელიც თაობებს დარჩება და ამასთან დაკავშირებით ირონიული ფილმის გადაღება "უბრალოდ სამარცხვინოა". 

საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის, მოთვინიერების ჩვენებაზე უარი თქვა

მოთვინიერება ქართველი მილიარდერისა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას, უფრო კონკრეტულად კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას ეძღვნება.

ჯაშის თქმით, კინოაკადემიის პრეზიდენტმა, მინდია ესაძემ ფილმს "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს" უწოდა.

ფილმი ნომინირებული იყო სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივლზე და ევროპის კინაკადემიის ჯილდოზე. სურათი ასევე კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის, ფორუმის მონაწილეა.


საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ  დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.  "დაინიშნოს დემოკრატიულად და არა სამინისტროს მხრიდან სადამსჯელო ღონისძიების აღმასრულებელი ადამიანი".- ამბობენ ისინი. 

კინოცენტრში იყო მისული  პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი  და წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ფორმულასთან საუბარში მან თქვა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ჩაერთვება და მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს პროტესტი. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მას უხერხულობას უქმნის ფორმულას "მიკროფონში პასუხის გაცემაა". 

ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაა, რომელიც  კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ. 

რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილ მალევე, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. 

14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს.  ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ  რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.

კომენტარები