ქართული ოცნება

კობახიძე სალომე ჯაშის ფილმზე: სამარცხვინოა, პოლიტიკური მიზეზი იკვეთებოდა დაფინანსების უკან

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი. მისი თქმით, ქართულ კინოს გაჯანსაღება სჭირდება და მის განვითარებაში მეტი რესურსის ჩადებაა საჭირო. 

ამასთან ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ კინოს კონტროლი წარსულს ჩაბარდა, "როცა ყველა ფილმს დაკვეთით იღებდნენ" და შესაძლოა მიმდინარე პროცესებში სუბიექტური ინტერესები არსებობდეს. 

"რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი, ასე მგონია, კინოცენტრის გარშემო. ეჭვი გამიჩნდა, რაიმე კლანი ხომ არ იყო იქ ჩამოყალიბებული თავის დროზე? არ ვიცი, მართლა არ ვიცი რაზეა საუბარი.

[...] კინოს კონტროლს რაც შეეხება, ესეც წარსულს ჩავაბარეთ. 2012 წლამდე გახსოვთ რა ხდებოდა, პირდაპირ, ყველა კინოს იღებდნენ პოლიტიკური დაკვეთებით. ეს აღარ ხდება დღეს. არ ვიცი, რეალურად, რა არის ამ პროტესტის მიზეზი. შეიძლება იყოს სუბიექტური ინტერესები, მაგრამ როდესაც არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ქართული კინოს ინტერესების წინააღმდეგ და უბრალოდ, რაღაც სახელების და გვარების გამო გამოთქვამ პროტესტს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც სუბიექტური ინტერესი არსებობდეს, რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული? ეს საინტერესოა".- ამბობს კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ სალომე ჯაშის ფილმზე, მოთვინიერებაზე, დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. კობახიძის განმარტებით, ივანიშვილმა ინვესტიცია ჩადო პარკის მოწყობაში, რომელიც თაობებს დარჩება და ამასთან დაკავშირებით ირონიული ფილმის გადაღება "უბრალოდ სამარცხვინოა". 

"თვითონ ფილმზე შემიძლია გითხრათ ის, რომ უბრალოდ სამარცხვინოა. თქვენც ხომ დარწმუნდით, რომ ეს სამარცხვინო ფილმია, რაც გადაიღო კინოცენტრის მიერ დაფინანსებულმა კინორეჟსორმა. რელაურად ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფული, კონკრეტული ინვესტიცია პარკის მოწყობაში ჩადო, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს. ეს არის უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგიც არ არსებობს, არც რეგიონში და არც უფრო ფართო მასშტაბით. ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. და ამაზე როცა იღებ ასეთ ირონიულ ფილმს, უბრალოდ სამარცხვინოა. აშკარად პოლიტიკური მიზეზი იკვეთებოდა ამ ფილმის დაფინანსების უკან".- თქვა კობახიძემ . 

საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის, მოთვინიერების ჩვენებაზე უარი თქვა

მოთვინიერება ქართველი მილიარდერისა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას, უფრო კონკრეტულად კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას ეძღვნება.

ჯაშის თქმით კინოაკადემიის პრეზიდენტმა, მინდია ესაძემ ფილმს "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს" უწოდა.

ფილმი ნომინირებული იყო სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივლზე და ევროპის კინაკადემიის ჯილდოზე. სურათი ასევე კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის, ფორუმის მონაწილეა.

სალომე ჯაში ქართველი დოკუმენტალისტია, გადაღებული აქვს ფილმები ლიდერი ყოველთვის მართალია, მათი ვერტმფრენი, ბახმარო, ცურვა.

კომენტარები