თავდასხმა ზურაბ ჯაფარიძეზე

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ტაბულა

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს, სოსო მაისურაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ გამოაცხადა.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რომელიც ძალადობას გულისხმობს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

17 ივნისს, დაახლოებით 10:00-ზე უცნობი პირი თავს დაესხა პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯაფარიძემ დაზიანება მიიღო თვალის არეში. მოგვიანებით, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა Facebook-მომხმარებლის პოსტი, რომელიც წერდა, რომ ჯაფარიძეს მან სცემა.

ამას გარდა, 17 ივნისს ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს ორკები დაესხნენ თავს. მათთან ერთად იყო ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილიც. ორკები სასტუმროს საღებავებს, კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ, ემუქრებოდნენ ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს და გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებს.

ლექცია, რომლის ჩაშლას ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკში ორკები ცდილობდნენ, გირჩი - მეტი თავისუფლების წევრებმა პარლამენტის წინ წაიკითხეს.

პარტიაში ფიქრობენ, რომ ძალადობრივი ჯგუფის მიერ ბანაკზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და TV იმედის პროპაგანდასთან არის დაკავშირებული. 

კომენტარები