თავდასხმა ზურაბ ჯაფარიძეზე

ჰერჩინსკი: პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა დაუშვებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა დაუშვებელია. 

"მე გავეცანი მოხსენებებს, თუმცა სრულად გარკვეული არ ვარ, რა მოხდა. ვიმედოვნებ, ეს აუცილებლად იქნება გამოძიებული. რისი თქმაც შემიძლია ხმამაღლა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა დაუშვებელია, ის მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ვიმედოვნებ, ვითარება საქართველოში არასდროს გაუარესდება ასეთი მოტივირებული ძალადობის დონემდე". - პირველი არხის ცნობით, აღნიშნა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

დღეს, 17 ივნისს უცნობი პირი დაესხა თავს პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მას დაზიანება აქვს თვალის არეში. მოგვიანებით, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა Facebook მომხმარებლის პოსტი, რომელიც წერს, რომ ჯაფარიძეს მან სცემა.

დღეს ასევე ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს ორკები დაესხნენ თავს. მათთან ერთად იყო ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილიც. ორკები სასტუმროს საღებავებს, კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ, ემუქრებოდნენ ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს და გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებს.

პარტიაში ფიქრობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის მიერ ბანაკზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და TV იმედის პროპაგანდასთან არის დაკავშირებული. 

ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი კიბიდან დააგორეს.  

კომენტარები