თავდასხმა ზურაბ ჯაფარიძეზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გირჩი

17 ივნისს პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

დღეს უცნობი პირი თავს დაესხა პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მას დაზიანება აქვს თვალის არეში. მოგვიანებით, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა Facebook მომხმარებლის პოსტი, რომელიც წერს, რომ ჯაფარიძეს მან სცემა.

დღეს, 17 ივნისს ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს ორკები დაესხნენ თავს. მათთან ერთად იყო ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილიც. ორკები სასტუმროს საღებავებს, კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ, ემუქრებოდნენ ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს და გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებს.

პარტიაში ფიქრობენ, რომ ძალადობრივი ჯგუფის მიერ ბანაკზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და TV იმედის პროპაგანდასთან არის დაკავშირებული. 

ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი კიბიდან დააგორეს.  

კომენტარები