თავდასხმა ზურაბ ჯაფარიძეზე

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

ტაბულა

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რომელიც ძალადობას გულისხმობს.

17 ივნისს, დაახლოებით 10:00-ზე უცნობი პირი თავს დაესხა პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯაფარიძემ დაზიანება მიიღო თვალის არეში. მოგვიანებით, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა Facebook-მომხმარებლის პოსტი, რომელიც წერდა, რომ ჯაფარიძეს მან სცემა.

ამას გარდა, 17 ივნისს ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს ორკები დაესხნენ თავს. მათთან ერთად იყო ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილიც. ორკები სასტუმროს საღებავებს, კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ, ემუქრებოდნენ ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს და გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებს.

ლექცია, რომლის ჩაშლას ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკში ორკები ცდილობდნენ, გირჩი - მეტი თავისუფლების წევრებმა პარლამენტის წინ წაიკითხეს.

პარტიაში ფიქრობენ, რომ ძალადობრივი ჯგუფის მიერ ბანაკზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და TV იმედის პროპაგანდასთან არის დაკავშირებული. 

ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც სტუდენტები ამბობდნენ, მათ საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი კიბიდან დააგორეს.

კომენტარები