იუსტიციის სამინისტრო

თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ნოტარიუსმა იუსტიციის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო

ნოტარიუსმა მედეა გვაზავამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სასარჩელო დავა წარმატებით დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ავრცელებს, რომელიც ამ საქმეში გვაზავას ინტერესებს იცავდა.

GDI-ს მიხედვით, 2020 წლის 20 სექტემბერს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მედეა გვაზავა ნოტარიუსის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

 "გათავისუფლების საფუძველი იყო "ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის იმდროინდელი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსს თანამდებობაზე ყოფნის უფლება ჰქონდა 65 წლის ასაკამდე. თუმცა კანონი გამონაკლისის სახით ადგენდა, რომ იუსტიციის მინისტრს შეეძლო ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაეგრძელებინა მისთვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. ამის საპირისპიროდ, მედეა გვაზავას არ დასცალდა ესარგებლა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობით, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ბევრად ადრე მიიღო, ვიდრე მედეა გვაზავას შეუსრულდებოდა 65 წელი". – წერია GDI-ის განცხადებაში. 

GDI-ის დახმარებით, მედეა გვაზავამ მოიგო სასარჩელო დავა, რის საფუძველზეც იუსტიციის სამინისტრომ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და გაუგრძელა მას უფლებამოსილების ვადა.

ამავდროულად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გვაზავას მეორე დავა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე იმ შემოსავლის, რომელიც მან ვერ მიიღო უკანონოდ გათავისუფლების დროს და იუსტიციის სამინისტროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა.

კომენტარები