ვლადიმერ პოზნერის ვიზიტი

ვოლსკი: 90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და არაფერს წარმოადგენს

გიორგი ვოლსკი

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკის ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ჩაიკოვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტთან საუბრისას ნაცისტებს უწოდებს ადამიანებს, ვინც ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა.

ვოლსკის თქმით, 90 წლის ადამიანისთვის კვერხცებით დევნა ჩვენი ნაციისთვის დამახასიათებელი ღირსების მაჩვენებლი არ არის. 

"90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს. მის მიმართ მე პირადად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ფაქტია რომ 90 წლის კაცის და მასთან თანმხლები ბევრი ქართველის, რომელიც თქვენ პროპაგანდაში გყავთ გამოყენებული ხშირად, ყოფნის მიუხედავად, კვერცხებით დევნა, არ არის იმ ღირსების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს ერს და ნაციას გააჩნია ზოგადად.

რაც შეეხება ოკუპანტსა და რუსეთის ინტერესებს, ძალიან ბევრი ინტერესი გატარებული აქვს ნაცმნოძრაობას თავისი ტელევიზიებით, თქვენი ჩართვით და დღესაც იმ პოლიტიკას ატარებს, რაც მოსკოვს უნდა. ასე რომ, 90 წლის პოზნერთან დაკავშირებით რა კომენტარი ჰქონდა დაჩეხილი, მით უმეტეს, ამერიკის მოქალაქესთან ზურა აბაშიძეს, ეს უკვე მეოცეხარისხოვანია".-ამბობს ვოლსკი

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ჩაიკოვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტთან, მარკ ზილბერკვიტთან საუბრისას ადამიანებს, ვინც პოზნერის ვიზიტი გააპროტესტა, ნაცისტებს უწოდებს.

"საშინელი ისტორიაა. არ შემიძლია, ტელეფონით გადმოგცე, თუ რა განვიცადე პირადად მე იმ ღამეს, რა განიცადეს ჩემმა ახლობლებმა იმ საათებში. არ ვიცი, დღეს ნახე თუ არა – პრემიერმინისტრმა ისაუბრა ამაზე, იყო გამოსვლები პარლამენტშიც, მინისტრებმაც ისაუბრეს. ეს არის ნამდვილი ნაცისტების ჯგუფი. [...] კვერცხებს ისროდნენ, ეს ბარბაროსობაა. ეს არის რამდენიმე ათეული ადამიანის ჯგუფი, რომლებსაც სააკაშვილი მართავს. ესენი არიან ის ზონდერები, რომლებიც ასე უკვე მეორედ თუ მესამედ იქცევიან". - ამბობს ზურა აბაშიძე ჩანაწერში.


ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 2022 წლის 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა.

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და იქ 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები