რუსეთის სამხრეთში ომის დროს დატყვევებული 20-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცის სასამართლო პროცესი გაიმართა.
დატყვევებული ჯარისკაცები უკრაინის შეიარაღებული ძალების ელიტური ჯგუფის, აზოვის პოლკის წევრები არიან, რომლებიც აზოვის ზღვაზე მდებარე საპორტო ქალაქ მარიუპოლს რუსული ალყის პირობებში სამი თვის განმავლობაში იცავდნენ.
2022 წლის 2 აგვისტოს , რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ უკრაინული აზოვის პოლკი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარა და რუსეთში მისი საქმიანობა აკრძალა.
მარიუპოლის უკანასკნელი მცველები 2022 წლის მაისში რუსულ ძალებს ჩაბარდნენ. 24 უკრაინელიდან, რომლებსაც რუსებმა ტერორისტულ ორგანიზაციაში ჩართულობასა და დონეცკის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის დამხობისკენ მიმართულ ქმედებებში დასდეს ბრალი, 2 კიევმა ტყვეთა ერთ-ერთი გაცვლის დროს დაიბრუნა.
დარჩენილ 22 ტყვეს, რომელთაგან 8 ქალია, განაჩენს რუსული სასამართლო გამოუტანს. მათ თავისუფლების 15 წლით, ან უვადოდ აღკვეთა ემუქრებათ.