კინოცენტრი

მდინარაძე ოდიშარიაზე: ქართულ ფილმებზე ასე კვალიფიციურად მსჯელობდეს, ბევრს არ ვიცნობ

ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, არავის ახსენდება ზაზა ურუშაძის ფილმი მანდარინები, რომელიც ოსკარსა და ოქროს გლობუსზე იმიტომ ვერ წარსდგა, რომ დაფინანსება არ ჰქონდა. 

ქართული ოცნების დეპუტატის განმარტებით, მიზეზი ცხელი ძაღლის მეოთხე სეზონის გადაღება იყო, "რომელსაც ცენზურის მიხედვით დღის სინათლე არ ეღირსა". ამასთან მდინარაძის თქმით, რეორგანიზაცია ვიღაცებს, თავიანთი მენტალობიდან გამომდინარე, სხვების სამსახურიდან დათხოვნა ჰგონიათ.

"როდესაც ენმ წევს კინოცენტრის თემას. გუშინ ბევრჯერ ახსენებდნენ ზაზა ურუშაძეს, გენიალურ ადამიანს და რეჟისორს. არ ახსენდება არავის ის, რომ ,ზაზა ურუშაძის ფილმი, მანდარინები ხომ ყველას გახსოვთ, ქართულ კინო პროდუქტად არ იყო წარდგენილი, რატომ არ იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე იცით?! იმიტომ, რომ საქართველოში არ მისცეს დაფინანსება და რატომ არ მისცეს?! იმიტომ რომ ზაზა ურუშაძე იყო ცხელი ძაღლის მე-4 სეზონის ავტორი, რომელსაც ცენზურის მიხედვით დღის სინათლე მაშინ არ ეღირსა. ამის ავტორები ახლა კინოცენტრში რაღაცებს აპროტესტებენ. აი, ეს არის წარმოუდგენელი ამავი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არანაირი მორალური უფლება იმ ხალხს, რომელიც ამ კამპანიის წინა რიგებში დგანან, არ აქვთ. რეორგანიზაცია ვიღაცებს, თავისი მენტალობიდან გამომდინარე, ჰგონიათ აუცილებლად ვიღაცისავე სამსახურიდან დათხოვნა. რეორგანიზაცია იმდენ კომპონენტს შეიცავს და მოიცავს, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ".-თქვა მდინარაძემ. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ ბაჩო ოდიშარიას მსგავს კვალიფიციურ კრიტიკოსს ბევრს არ იცნობს. 

"რაც შეეხება ბაჩო ოდიშარიას, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რაც მე მაგ ადამიანთან მილაპარაკია, თუ არის სხვა ადამიანი ასეთი, რომ ასე კარგად იცოდეს ქართული კინო, ქართული ფილმების შესახებ ასე კვალიფიციურად შეიძლება მსჯელობდეს და ქართულ სინამდვილეში ასეთი კინოკრიტიკოსი იყოს, კი ბატონო, ყველას დიდ პატივისცემას დავუდასტურებ, მაგრამ მე ბევრს ასეთს არ ვიცნობ".

საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები მეორე დღეა ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ  დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამრომლებისგან დაკომპლექტდეს.  "დაინიშნოს დემოკრატიულად და არა სამინისტროს მხრიდან სადამსჯელო ღონისძიების აღმასრულებელი ადამიანი".- ამბობენ ისინი. 

კინოცენტრში იყო მისული  პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი  და წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ფორმულასთან საუბარში მან თქვა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ჩაერთვება და მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს პროტესტი. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მას უხერხულობას უქმნის ფორმულას "მიკროფონში პასუხის გაცემაა". 

ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაა, რომლეიც  კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის იდრექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ. 

რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილ მალევე, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. 

14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს.  ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ  რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი აციფრვისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.

კომენტარები