ქართული კინო

კინოცენტრის ახალმა დირექტორმა კონკურსის დამტკიცებული ჟიური ჩაანაცვლა

Befunky

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ახალმა დირექტორმა, კარლო (კახა) სიხარულიძემ ერთ-ერთი კონკურსის დამტკიცებული ჟიური ჩაანაცვლა. ინფორმაციას რეჟისორ სალომე ჯაშზე დაყრდნობით გამოცემა რადიო თავისუფლება ავრცელებს.

სიხარულიძის მიერ დაკომპლექტებული ჟიური ასე გამოიყურება:

გოგა ხაინდრავა – რეჟისორი

ბაჩო ოდიშარია – კინომცოდნე, ტელეწამყვანი

მერაბ კოკოჩაშვილი – რეჟისორი

რუსუდან გლურჯიძე – რეჟისორი

ირაკლი სამსონაძე – დრამატურგი და მწერალი

გიორგი ცხვედიანი – რეჟისორი

გიორგი მეგრელიშვილი – რეჟისორი

მომხდარ ცვლილებებს ასევე ადასტურებს, ჟიურის ყოფილი თავმჯდომარე, დრამატურგი ბესო სოლომანაშვილი.

"კინოცენტრის ახალი ხელმძღვანელობა კანონის უხეში დარღვევით მოქმედებს!

14 თებერვალს კინოცენტრის დირექტორის ბრძანებით შეიქმნა და დამტკიცდა 2022-23 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსზე შემოტანილ პროექტთა განმხილველი საექსპერტო კომისიის წევრთა შემადგენლობა. 28, 29, 30 მარტს დაინიშნა გასაუბრების განრიგი, რის შესახებაც ასევე ეცნობათ კონკურსატებსაც.  23 მარტს კინოცენტრმა ჟიურის წევრებს ელ. ფოსტით ეცნობათ გასაუბრების გადავადების შესახებ. 

23 მარტს კომისიის წევრებს ელ.ფოსტით ეცნობათ გასაუბრების გადავადების შესახებ და იქვე პირობა, რომ ახალი ვადების განსაზღვრისთანავე დამატებითი შეატყობინებდნენ კომისიის წევრებს.

6 აპრილს, კომისიის წევრებმა განცხადებით მიმართეს კინოცენტრის ახალ დირექტორს მიეწოდებინათ ინფორმაცია გასაუბრების ახალ ვადებთან დაკავშირებით, რაზეც 15 აპრილს კომისიას აცნობეს, რომ კინოცენტრის დირექტორის ბრძანებით, აღნიშნულ კონკურს ახალდანიშნული საექსპერტო კომისია განიხილავს და რომ ეს გადაწყვეტილება 28 მარტს იქნა მიღებული". – წერს სოლომანაშვილი.

კინოცენტრის ახალი დირექტორის დანიშვნას სფეროს მრავალი წარმომადგენელი კრიტიკით შეხვდა. კარლო (კახა) სიხარულიძეს კინოინდუსტრიასთან შეხება არასდროს ჰქონია, 2013-2019 წლებში სიხარულიძე იტალიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, 2020 წელს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2021 წელს გახდა კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე. სიხარულიძე მას შემდეგ დაინიშნა კინოცენტრის ხელმძღვანელად, რაც ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე, კულტურის სამინისტრომ თანამდებობიდან გაათავისუფლა მოქმედი დირექტორი გაგა ჩხეიძე

კომენტარები