დეოლიგარქიზაცია

კობახიძე: ჩვენ გვჭირდება, რომ 12-პუნქტიანი გეგმიდან ამოიღონ დეოლიგარქიზაცია

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის განცხადება, რომლითაც ხელისუფლებას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების შეჩერებისკენ მოუწოდეს, საკმარისი არ არის და საჭიროა, ეს საკითხი 12-პუნქტიანი გეგმიდან ამოიღონ.

"ჩვენ მესამე მოსმენით მივიღებთ, ეს განცხადება არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება რა, რომ 12-პუნქტიანი გეგმიდან ამოღებულ იქნეს ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის თაობაზე, იმიტომ, რომ ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის შესახებ ნიშნავს პერსონალიზებული მიდგომით ამ საკითხის მოწესრიგებას. აქედან გამომდინარე, დაველოდებით დეკემბერს, როდესაც ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გადახედავს ამ 12 პუნქტს, შეაფასებს 12 პუნქტის განხორციელებას და როდესაც იტყვიან, რომ ეს საკითხი ამ კანონის გარეშეც არის მოწესრიგებული, ამ შემთხვევაში უკვე კანონი გაუქმდება". – თქვა კობახიძემ.

2022 წლის ზაფხულში ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა

12 ივნისს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა მიიღოს. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემასთან საბრძოლველად სისტემური მიდგომა არ აურჩევია.

წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან: დეოლიგარქიზაციის კანონი იმ ერთადერთის გარეშე

13 ივნისს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები წინააღმდეგობაში მოდის, ხოლო თუ ევროკომისია ვენეციის კომისიის დასკვნას გაითვალისწინებს, მიმდინარე თვეში მიღებული კანონი თებერვალში გაუქმდება.

კომენტარები