აშშ-ჩინეთი

ბაიდენი სალივანს 3 აზიურ ქვეყანასთან მოლაპარაკებებისთვის ტოკიოში აგზავნის

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი
AP Photo/Andrew Harnik, File

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს მის იაპონელ, ფილიპინელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან მოსალაპარაკებლად 15-16 ივნისს ტოკიოში აგზავნის.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ცნობით, ტოკიოში ყოფნისას სალივანი "იაპონიის, ფილიპინების და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების პირველ სამმხრივ შეხვედრაშიც" მიიღებს მონაწილეობას.

თეთრმა სახლმა ვიზიტი მას შემდეგ დაადასტურა, რაც 13 ივნისს, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან გამართული მიღების დროს ჯო ბაიდენმა თქვა, რომ იაპონიაში აშშ-ს ელჩი, რამ ემანუელი სალივანის ვიზიტისთვის ემზადება, რის გამოც შეხვედრაზე დასწრება ვერ მოახერხა.

თეთრ სახლს სალივანის ორდღიანი ვიზიტის დეტალები არ გაუვრცელებია, თუმცა ცნობილია, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იაპონელ, ფილიპინელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან ერთად "სხვადასხვა მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ საკითხებში თანამშრომლობის გზებს განიხილავს".

სალივანის ვიზიტამდე, ივნისის დასაწყისში, ჩინეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ვაშინგტონის მიერ აზიაში კავშირების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში ამერიკულმა, იაპონურმა და ფილიპინურმა სანაპირო დაცვის გემებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხრეთ ჩინეთის ზღვის მახლობლად ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.

ჩინეთს, ფილიპინებს, ვიეტნამს, მალაიზიას, ტაივანსა და ბრუნეის შორის დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს. მიუხედავად იმასა, რომ შეერთებულ შტატებს ამ რეგიონში ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს, ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლება, დატვირთულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან წყლებში არსებული დავების მშვიდობიანად გადაწყვეტასთან ერთად, მათ ეროვნულ ინტერესებშია.

სალივანი ახლა ინდოეთში იმყოფება, სადაც მომავალ კვირაში აშშ-ში ნარენდრა მოდის დაგეგმილ სახელმწიფო ვიზიტამდე ინდოელ თანამდებობის პირებთან შეხვედრებს მართავს.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 13 ივნისს სალივანმა თავის ინდოელ კოლეგასთან, აჯიტ დოვალთან შეხვედრისას ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარებისა და თავდაცვის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის პოტენციალი განიხილა. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ბიზნეს ლიდერების კონფერენციაზეც გამოვიდა სიტყვით და თქვა, რომ აშშ მზადაა იმ რეგულაციების გასაუქმებლად, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროებში ვაჭრობას უშლის ხელს.


აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში მუდმივად დაძაბულია. გასულ წელს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთმა შეიარაღებული ძალები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გამართა.

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი საჯაშუშო ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. 4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი მსგავსი ობიექტი ჩამოაგდეს. ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენმა ჩინეთში 5-6 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

მაისის ბოლოს ჩინეთმა აშშ-ს შეთავაზებაზე სინგაპურში გასამართ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე შემდგარიყო ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა, უარი თქვა.

მალევე, ცნობილი გახდა მაისში მომხდარი ინციდენტის შესახებაც, რომლის დროსაც ჩინურმა ავიაგამანადგურებელმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის სიახლოვეს "არასაჭირო აგრესიული" მანევრი განახორციელა.

მსგავსი შემთხვევა მოხდა ივნისის დასაწყისშიც, როცა ტაივანის სრუტეში მცურავ აშშ-ს შეიარაღებული ძალების კუთვნილ Chung-Hoon გამანადგურებელს ჩინური სამხედრო ხომალდი სახიფათოდ მიუახლოვდა და გზა გადაუჭრა.

9 ივნისს WSJ-მ გასაიდუმლოებულ სადაზვერვო მასალებზე წვდომის მქონე ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია კუბაზე ჩინური საჯაშუშო ბაზის განთავსების შესახებ. ამერიკული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია თავდაპირველად არ დაადასტურეს ან ნაწილობრივ უარყვეს, თუმცა, მოგვიანებით თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჩინეთის საჯაშუშო ბაზა კუნძულზე 2019 წლიდან, ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან ფუნქციონირებდა და ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაცია იმავე ინფორმაციას ფლობდა, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია.

ზემოთ მოყვანილის გათვალისწინებით, შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ჩართულობის ნაკლებობა ცაში ან ზღვაზე მომხდარი ინციდენტის შემთხვევაში კომუნიკაციების კრიზისული მექანიზმის არარსებობას გამოიწვევს, რაც სავალალო შედეგს მოიტანს. ამის თავიდან ასაცილებლად და კომუნიკაციის არხების შესაქმნელად ბაიდენის ადმინისტრაცია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.

სწორედ ამ მცდელობის ფარგლებში, 18 ივნისს ბლინკენი ჩინეთში ჩავა და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შეხვდება. მანამდე კი, 13 ივნისს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განგთან გამართა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც  კოლეგებმა ერთმანეთს მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი წუხილები გაუზიარეს.

კომენტარები