ტაივანი-ჩინეთი

ტაიბეი: ტაივანის თავდაცვის ძალების საჰაერო სივრცეში ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები შეიჭრა

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ქვეყნის კონტროლირებულ საჰაერო სივრცეში ჩინეთის 37 სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა. ზოგი მათგანი მოგვიანებით იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის მიმართულებით გადაფრინდა. 

როგორც ირკვევა, საჰაერო ხომალდები სამხედრო წვრთნებს გადიოდნენ. 

გასული სამი წლის განმავლობაში ჩინეთის (რომელიც ტაივანის სუვერენიტეტს არ აღიარებს და საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს) სამხედრო ძალები კუნძულის გარშემო რეგულარულად დაფრინავენ, თუმცა აქამდე ტაივანის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ. 
 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საფრენი ობიექტები ტაივანის საჰაერო თავდაცვის ტერიტორიაზე 17:00-ზე შენიშნეს. თვითმფრინავებს შორის J-11 და J-16 ტიპის გამანადგურებლები და H-6 ბომბდამშენიც იყო. მათი ტრაექტორია სამხრეთ-დასავლეთ არეალის ნაწილით შემოიფარგლა.

ტაივანმა სამეთვალყურეოდ ტერიტორიაზე საკუთარი ავიაცია და ხომალდები გაგზავნა. ასევე სარაკეტო სისტემების მომზადება დაიწყო. 

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 


მანამდე, ჩინეთმა და რუსეთმა 6 ივნისს იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის თავზე 2019 წლის შემდეგ მეექვსე საერთო საჰაერო პატრულირება განახორციელეს.

აშშ-ს შეიარაღებული ძალების თქმით, 3 ივნისს მათი კუთვნილი Chung-Hoon გამანადგურებელი და კანადური ფრეგატი HSMC Montreal ტაივანის სრუტეში რუტინული ტრანზიტით გადაადგილდებოდნენ, როდესაც ჩინურმა სამხედრო ხომალდმა ამერიკულ გემს გზა გადაუჭრა.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები