რუსეთი-ჩინეთი

ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს

REUTERS/Thomas Peter/Pool

ჩინეთმა და რუსეთმა 6 ივნისს იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის თავზე 2019 წლის შემდეგ მეექვსე საერთო საჰაერო პატრულირება განახორციელეს.

ოთხი რუსული და ოთხი ჩინური თვითმფრინავის კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთით და აღმოსავლეთით სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შესვლის შემდეგ, სეულმა თავისი გამანადგურებლების აფრენის გადაწყვეტილება მიიღო.

სამხრეთ კორეამ გამანადგურებლები ააფრინა ნოემბერში ჩინეთისა და რუსეთის საერთო საჰაერო პატრულირების დროსაც, მას შემდეგ რაც ჩინური H-6K ბომბდამშენები და რუსული TU-95 და SU-35 თვითმფრინავები ქვეყნის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდნენ.

ჩინური და რუსული საფრენი აპარატების იაპონიის ზღვის თავზე გამოჩენასთან ერთად, იაპონიამაც სამხრეთ კორეის მსგავსი თავდაცვითი ზომები მიიღო და გამანადგურებლები ქვეყნის საჰაერო სივრცეში ააფრინა.

საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში, განსხვავებით ქვეყნის საჰაერო სივრცისგან, რომელიც სახელმწიფოს ტერიტორიისა და ტერიტორიული წყლების თავზე არსებულ სივრცეს მოიცავს, საერთაშორისო წესები არ ვრცელდება და სახელმწიფოები აქ მფრენ უცხოურ თვითმფრინავებს თავის იდენტიფიცირებას სთხოვენ.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, პატრულირება ორი ქვეყნის სამხედრო ძალებს შორის ყოველწლიური ურთიერთთანამშრომლობის გეგმის ნაწილია.

ერთობლივი საჰაერო პატრულირება რუსეთის მიერ უკრაინაში ომისა და ჩინეთთან "ულიმიტო" პარტნიორობის გამოცხადებამდე დაიწყო.

გასული წლის მაისში მსგავსი პატრულირების დროს, ტოკიოში მიმდინარე Quad-ის სამიტის პარალელურად, რომლის ფარგლებშიც ტოკიოში აშშ-ს, ინდოეთისა და ავსტრალიის ლიდერები იმყოფებოდნენ, რუსული და ჩინური თვითმფრინავები იაპონიის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ.

კომენტარები