რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მეცოლა: ჰესის აფეთქება ომის დანაშაულია, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ

AP

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ხერსონის ოლქში, კახოვკას ჰესის აფეთქებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედება ომის დანაშაულია, რომელსაც უპასუხოდ ვერ დატოვენენ.

"სწორედ უკრაინელი ბავშვები, ქალები და მამაკაცები დაზარალდებიან ნოვაია კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის საშინელი აფეთქების შედეგად.

ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ომის დანაშაული, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. დღეს, როგორც არასდროს, უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება." - წერს მეცოლა Twitter-ზე.

რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე. 

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ადგენენ, რომელი რაიონებია დატბორვის საფრთხის პირისპირ. მობილიზებულია პოლიცია და გადაუდებელ ვითარებათა სამსახური. მისივე თქმით, სახიფათო რაიონებიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვისაც.

კომენტარები