რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილებაა

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/ Johanna Geron

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას გამოეხმაურა. 

"კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილებას წარმოადგენს, რომელიც ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხეში აყენებს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად". - დაწერა ბორელმა Twitter-ზე. 


რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე. 

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ადგენენ, რომელი რაიონებია დატბორვის საფრთხის პირისპირ. მობილიზებულია პოლიცია და გადაუდებელ ვითარებათა სამსახური. მისივე თქმით, სახიფათო რაიონებიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვისაც.

კომენტარები