აქციაზე დაკავებულები

აშშ: ვაკვირდებით დაკავებულების საქმეებს, გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის საფუძველია

სოფო გელავა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 2 ივნისს პარლამენტთან დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს. საელჩო აღნიშნავს, რომ ისინი საქმეებს ყურადღებით აკვირდებიან, ხოლო გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.

"აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს. მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევრო-ატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს". – ნათქვამია განცხადებაში.

 2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. მანამდე, სამართალდამცველები ცდილობდნენ, აქტივისტებისთვის წაერთმიათ ბანერები, რომლებზეც "ირაყლი" ეწერა. დაკავებულთა შორის არიან იურისტები, ედუარდ მარიკაშვილი და შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით თუთბერიძე ხელწერილით გაათავისუფლეს). ადგილზე მყოფების ცნობით, რომ ედუარდ მარიკაშვილს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა.

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას ყოველდღიურად მართავენ. ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების მმართველობას, ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლებს და ითხოვენ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას. 

"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" – დღეს, 3 ივნისს, 21:00-ზე აქცია კვლავ პარლამენტის წინ გაიმართება

კომენტარები