აქციაზე დაკავებულები

პარლამენტთან დაკავებულებს შსს-მ დაკავების 24-საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა – საია

მარიამ ნიკურაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, 2 ივნისს პარლამენტთან დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების 24-საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა. იურისტი უწყების ამგვარ გადაწყვეტილებას სადამსჯელო ღონისძიებად მიიჩნევს.

"ეს წესი 2 წლის წინ შეიცვალა. პარლამენტმა შსს-ს მისცა უფლება, დაკავების ვადა ერთჯერადად, 24 საათით გაეგრძელებინა. კანონის თანახმად, ეს მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შსს ასაბუთებს, რომ დაკავების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილია. თუმცა, რეალობაში, დაკავების ვადის გაგრძელების პრაქტიკა, ისევე როგორც მთლიანად სამართალდარღვევათა კოდექსი, სადამსჯელოდ გამოიყენება, ვიდრე რეალური საჭიროებისთვის

ამას ადასტურებს სტატისტიკაც. მაგალითად, 2023 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი 1 994 დაკავებულიდან, დაკავების ვადა გაუხანგრძლივეს 220 პირს. თითქოს ამ სტატისტიკაში უცნაური არაფერია, დაახლოებით 11%-ს გაუხანგრძლივდა დაკავების ვადა. თუმცა, აქ უფრო საინტერესო ისაა, ვისაც გაუხანგრძლივდა, მათგან რამდენი იყო აქტივისტი. ამის ზუსტად თქმა ახლა არ შემიძლია, თუმცა, ეს პერიოდი ემთხვევა მარტის აქციებს და მასშტაბურ დაკავებებს. 7-8 მარტის აქციებზე, დაახლოებით, 100 ადამიანი იყო დაკავებული, რომელთაგან თითქმის ყველას გაუხანგრძლივდა დაკავების დრო. რატომღაც, დაკავების გახანგრძლივებას მიზანშეწონილად შსს ძირითადად აქტივისტების შემთხვევაში მიიჩნევს". – წერს ქურდოვანიძე.

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. მანამდე, სამართალდამცველები ცდილობდნენ, აქტივისტებისთვის წაერთმიათ ბანერები, რომლებზეც "ირაყლი" ეწერა. დაკავებულთა შორის არიან იურისტები, ედუარდ მარიკაშვილი და შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით თუთბერიძე ხელწერილით გაათავისუფლეს). ადგილზე მყოფების ცნობით, რომ ედუარდ მარიკაშვილს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა.

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას ყოველდღიურად მართავენ. ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების მმართველობას, ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლებს და ითხოვენ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას. 

"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" – დღეს, 3 ივნისს, 21:00-ზე აქცია კვლავ პარლამენტის წინ გაიმართება

კომენტარები