აქციაზე დაკავებულები

ომბუდსმენი: პოლიციის მიერ გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ფორმით ჩარევა დაუშვებელია

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი რუსთაველზე აქციის მონაწილეების დაკავებას ეხმაურება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად - უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. 

ომბუდსმენის შეფასებით, სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა დაუშვებელია. 

"ასევე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია. აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე მოახდენენ აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას. ასევე, თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას". - წერია განცხადებაში. 

რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. ამანამდე, სამართალდამცველები ცდილობდნენ, აქტივისტებისთვის წაერთმიათ ბანერები, რომლებზეც "ირაყლი" ეწერა. დაკავებულთა შორის არიან იურისტები, ედუარდ მარიკაშვილი და შოთა თუთბერიძე. ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ ედუარდ მარიკაშვილს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა.  

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას ყოველდღიურად მართავენ. ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების მმართველობას, ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლებს და ითხოვენ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას.

კომენტარები