რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, ტროტილის მოძიებას იაპონიის გავლით ცდილობს – REUTERS

REUTERS/Kai Pfaffenbach

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის განკუთვნილი საარტილერიო ჭურვებისთვის ფეთქებადი ნივთიერების, ტრინიტროტოლუოლის (ტროტილი) მოძიებას იაპონიის დახმარებით ცდილობს. საბრძოლო მასალის მიწოდების დაჩქარება კონტრშეტევის მოსამზადებლადაა საჭირო. 

იაპონიის მხრიდან, რომელსაც ამ დრომდე მეტწილად პაციფისტური კურსი ჰქონდა არჩეული, ნებისმიერ დათმობაზე წასვლა და უკრაინისთვის საბრძოლო მასალის გადაცემა საკამათო ნაბიჯად იქნება მიჩნეული. იაპონიაში ლეტალური იარაღის ექსპორტი აკრძალულია. ამის მიუხედავად, როგორც ირკვევა, გლობალური მასშტაბით ტრინიტროტოლუოლის დეფიციტის შესავსებად მოკავშირეებმა დაბრკოლების გადალახვისთვის გამოსავალი იპოვეს. 

"აშშ-სთვის მოიძებნება გზა, რომ იაპონიისგან ფეთქებადი ნივთიერება შეისყიდოს". - ამბობს ანონიმური წყარო Reuters-თან ინტერვიუში. 

იაპონიაში შეზღუდვები ისეთი ტიპის პროდუქციაზე, რომელთა გამოყენებაც მხოლოდ სამხედრო დანიშნულებით არ შემოისაზღვრება, ნაკლებად მკაცრია. როგორც წყარო იუწყება, ტრინიტროტოლუოლის ექსპორტი შესაძლებელი იქნება, რადგან მისი გამოყენება არამარტო სამხედრო მიზნებისთვის არის შესაძლებელი. 

იაპონიის ვაჭრობის, მრეწველობისა და ეკონომიკის სამინისტრომ უარი თქვა ინფორმაციის გასაჯაროებაზე იმასთან დაკავშირებით, მიმართა თუ არა რომელიმე კომპანიამ ტრინიტროტოლუოლის ექსპორტის მოთხოვნით. სამინისტროს ცნობით, პროდუქციის გაგზავნამდე საყოველთაო შემოწმება საექსპორტო წესების დაცვით მოხდება, რაც მყიდველის სურვილისა და საერთაშორისო საფრთხეების გათვალისწინებას გულისხმობს. 

Reuters-ი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს დაუკავშირდა. უწყებაში მედიას პირდაპირი პასუხები არ გასცეს, თუმცა აღნიშნეს, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად უკრაინის საჭირო მასალით მომარაგებაზე მუშაობს, ხოლო იაპონია ამ უკანასკნელის სამხედრო მხარდაჭერაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 

კომენტარები