ავღანეთი

Reuters: კატარის პრემიერმინისტრი ავღანეთზე საიდუმლო საუბრისთვის თალიბანის ლიდერს შეხვდა

მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი
Kevin Wolf/Pool via REUTERS

Reuters-ის ანონიმური წყაროს ცნობით, კატარის პრემიერმინისტრი, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი გასულ თვეში თალიბანის ლიდერს შეხვდა, რათა ესაუბრათ დადიკალური ჯგუფის რეჟიმის მმართველობაში მყოფი ავღანეთის იზოლაციის პრობლემის გადაჭრის გზებზე. ამის შესახებ მედიასთან ისაუბრა პირმა, რომელსაც შეხვედრის შესახებ ანგარიში ჩააბარეს.

Reuters-ის ცნობით, კატარის პრემიერისა და თალიბანის ლიდერ, ჰაიბათულაჰ ახუნდზადას შორის შეხვედრა 12 მაისს, ავღანეთში, ქალაქ კანდაჰარში შედგა. ეს ახუნდზადას უცხოელ ლიდერთან შეხვედრის პირველი ცნობილი შემთხვევაა.

წყაროს თქმით, შეხვედრის შესახებ ანგარიში ჩააბარეს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას და "კოორდინირებაშია ყველა განხილულ საკითხზე", მათ შორის თალიბანთან დიალოგის გაგრძელებაზე.

წყარომ აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს, კატარის პრემიერმინისტრმა თალიბანის ლიდერთან განიხილა ავღანეთში ქალთა განათლებასა და დასაქმებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საკითხი. მათ ისაუბრეს ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გადაჭრის ძალისხმევაზეც.

წყაროს კომენტარებზე დაყრდნობით, Reuters-ი ვარაუდობს, რომ აქამდე ქვედა დონის არაპროდუქტიული მოლაპარაკებების გაღრმავებას აშშ მხარს უჭედა.

აქამდე საჯაროდ ცნობილი იყო, რომ 12 მაისს კატარის პრემიერი თალიბანის რეჟიმის მაღალჩინოსნებს შეხვდა. მხარეები დაჯგუფების ლიდერთან ვიზიტზე ინფორმაციას არ ავრცელებდნენ.

ჰაიბათულაჰ ახუნდზადა ქალაქ კანდაჰარს ფაქტობრივად არასდროს ტოვებს, თუმცა, ამის მიუხედავად, 2016 წლიდან მოყოლებული ის თალიბანის მნიშვნელოვანი რელიგური, პოლიტიკური და სამხედრო ლიდერია. 

2013 წელს კატარმა საკუთარ ტერიტორიაზე თალიბანს პოლიტიკური ოფისის გახსნის უფლება მისცა და მათ და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს შუამდგომლობდა. ამ მოლაპარაკებების ფარგლებში 2020 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აშშ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ავღანეთიდან ჯარს გამოიყვანდა, 20-წლიანი ინტერვენციის შემდეგ.

დიდი ხანია, რაც კატარი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებდა, რომ თალიბანის მთავრობის აღიარების "საგზაო რუკა" დაესახათ. არგუმენტად ისინი ამბობდნენ, რომ ავღანეთის იზოლაცია რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს მხოლოდ აუარესებს.

კომენტარები