რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი მოსკოვზე დრონებით თავდასხმაზე: ჩვენმა ჰაერსაწინააღდეგო სისტემამ გამართულად იმოქმედა

მოსკოვზე დრონებით თავდასხმას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

"მოსკოვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ გამართულად იმოქმედა, დამაკმაყოფილებლად, თუმცა რაღაცებზე სამუშაო გვაქვს". – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მსგავსი პრობლემები სირიაში, ხმეიმიმის საჰაერო ბაზაზეც შეჰქმნიათ. 

პიუტინის მტკიცებით, კიევი მსგავსი ქმედებებით მოსკოვის პროვოცირებას ცდილობს.

"თუმცა მე ეს არ მაღელვებს იმდენად, რამდენადაც მცდელობები, გამოიწვიონ რუსეთის საპასუხო რეაქცია. როგორც ჩანს, ამას იმედოვნებენ: ისინი ახდენენ ჩვენს მიერ სარკისებრი ქმედებების პროვოცირებას. ვნახოთ, ამასთან დაკავშირებით რას ვიზამთ". – თქვა პუტინმა.

პუტინის მტკიცებით, ეს ომი კიევმა 2014 წელს დაიწყო.

"ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ვიმეორებ, 2014 წელს კიევის რეჟიმმა გააჩაღა ომი დონბასში". – თქვა პუტინმა და დაამატა, რომ რუსეთი არ იყენებს იგივე საშუალებებს, რასაც უკრაინა მიმართავს. 

პუტინი ირწმუნება, რომ 2-3 დღის წინ იერიში მიიტანეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბზე. მიუხედავად იმისა, რომ რომ ბოლო თვეებში რუსეთს აქტიურად მიაქვს დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, პუტინის მტკიცებით, რუსეთის სამიზნეები მხოლოდ სამხედრო ობიექტებია. მისი სიტყვებით, კიევმა "რუსეთის დაშინების გზა აირჩია". ის უკრაინას ტერორიზმში ადანაშაულებს.

"საპასუხოდ, როგორც ცნობილია, კიევის რეჟიმმა სხვა გზა აირჩია - რუსეთის დაშინების მცდელობის, რუსეთის მოქალაქეების დაშინებისა და საცხოვრებელ შენობებზე დარტყმების გზა. ეს, რა თქმა უნდა, ტერორისტული საქმიანობის ცხადი ნიშანია". – თქვა პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ თავდასხმა ქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე რვა დრონით განხორციელდა და რვავე უპილოტო საფრენი აპარატი უვნებელყვეს, 5 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით, 3 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. შესაბამისად, თუ ეს მტკიცება მართალია, ობიექტები, რომლებიც დაზიანდა, დიდი ალბათობით, დრონების სამიზნეები ვერ იქნებოდა. 

30 მაისის გამთენიისას ქალაქ მოსკოვში რამდენიმე დრონი ჩამოვარდა და შენობებს დაეჯახა. დრონები ჩამოაგდეს მოსკოვის ოლქის სხვა რაიონებშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები იყო. უწყებაში ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში 8 დრონი მონაწილეობდა და ყველა მათგანი ჩამოაგდეს. რუსული მხარის ცნობით, იერიშებს მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.

უკრაინამ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თავდასხმის არიდების უუნარობის გამო გააკრიტიკა და კვლავ გალანძღა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა.

"აყროლებულო არსებებო, რას აკეთებთ?" – პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის უწყებას აკრიტიკებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ უკრაინაში მაღალი სიზუსტის იერიშები მიიტანეს ცენტრებზე, სადაც, მათივე მტკიცებით, მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა გადაწყდა. ამას გარდა, მათი დაუდასტურებელი ბრალდებით, დრონებით თავდასხმას დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ. 

კომენტარები