ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

შვედეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სტოკჰოლმის NATO-ში მიღებაზე იმსჯელებენ

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა, თუმცა, მინისტრები ერთმანეთს უახლოეს მომავალში შეხვდებიან. შეხვედრაზე ისინი სტოკჰოლმის NATO-ში გაწევრიანების გაჭიანურების საკითხს განიხილავენ.

ბილსტრომის თქმით, თურქეთისა და შვედეთის საგარეო მინისტრებს შორის შეხვედრა ოსლოში საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე უნდა შემდგარიყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ოსლოში ჩოვუშლოღლუს ვიზიტი გაუქმდა.

"ჩვენ შეგვატყობინეს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ მოდის, შესაბამისად, არანაირი შეხვედრა აღარ იქნება. თუმცა, ჩვენ შორის შეხვედრა მალე გაიმართება". - აღნიშნავს ბილსტრომი.

ორ ქვეყანას შორის შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეჩერდა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, რომელშიც, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა.

"მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, განვაახლო შეხვედრები და დავაჩქარო პროცესი ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით, თუ რა არის შედეგი". - აღნიშნავს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა. 

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

კომენტარები