საქართველო-რუსეთი

ზახაროვამ აშშ-ს მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების მუქარას ზეწოლა უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ორი სახელმწიფოს სუვერენულ საქმეებში ჩარევა და დაუფარავი ზეწოლაა ის, რომ "აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს ემუქრება".

"ვაშინგტონის ასეთი განცხადებები სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებსა და მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებში ჩარევად და დაუფარავ ზეწოლად მიგვაჩნია". – თქვა ზახაროვამ.

გარდა ამისა, ზახაროვას თქმით, არ შეიძლება არსებობდეს "გონივრული ახსნა", თუ რატომ აძლევს აშშ საკუთარ თავს უფლებას, კომენტარი გააკეთოს იმაზე, რაზეც ორი სუვერენული სახელმწიფო შეთანხმდა. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია აზიმუტის გარდა, თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-მაც დაიწყო. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისს დაიწყო და კვირაში 7 სიხშირით შესრულდება. 20 მაისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Georgian Airways-მა პირველი რეისი შეასრულა. 

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც საქართველოს მიმართულებით ფრენებს 17 მაისიდან დაიწყებს, უკრაინის მიერაა სანქცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია სანქცირებული კომპანიებისთვის შექმნილ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.  

ასევე, საქართველოში ფრენის ლიცენზია მიიღო კომპანია Red Wings-მა, რომელიც, მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეასრულებს. ავიაკომპანია იმავე დღეებში იფრენს მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე" - აცხადებს ავიაციის სააგენტო და აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიას აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭეს.

2022 წელს, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს სანქციები დაუწესა რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო, რაც არღვევს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში აგრესიის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვებს. 

 

კომენტარები