აშშ-ჩინეთი

ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ჩინეთი აშშ-ს დათმობებისკენ მოუწოდებს

VOA

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მაო ნინგის თქმით, სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილის შემთხვევაში, გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

მოწოდება მოჰყვა ჯო ბაიდენის მიერ დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამოთქმულ ვარაუდს, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობის "ძალიან მალე" გაუმჯობესებას მოელის.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საკუთარ საჰაერო სივრცეში ჩინური ბუშტების ჩამოგდების შემდე  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დინამიკა შეიცვალა.


4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი ობიექტი ჩამოაგდეს.

მანამდე კი, თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.


ბუშტის ინციდენტის მიღმა, ჩინეთმა აშშ დაადანაშაულა, რომ იგი ცდილობს შეაკავოს ჩინეთის ზრდა მოწინავე ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვითა და ტაივანის მხარდაჭერით, რომელსაც პეკინი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. 

ბაიდენის კომენტარამდე რამდენიმე საათით ადრე ჩინეთმა განაცხადა, რომ Micron Technology Inc.-ის შემოწმების შემდეგ აღმოჩენილია სერიოზული კიბერუსაფრთხოების რისკები და უბრძანა ძირითადი საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ოპერატორებს შეწყვიტონ ამერიკული კომპანიის პროდუქტების შეძენა.

გასულ კვირას, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ვენაში ჩინეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა. მას შემდეგ, რაც აშშ-ს საჰაერო სივრცეში ჩინური საჰაერო ბუშტები გამოჩნდა და სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პეკინში ვიზიტი გადადო და ეს აშშ-სა და ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის გამართული ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრაა.

კომენტარები