აშშ-ჩინეთი

ბაიდენი: აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობა ძალიან მალე გაუმჯობესდება

მაშინდელი ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და მისი ჩინელი კოლეგა სი ძინფინგი 2012 წელს კალიფორნიის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას. მაისურზე: "აშშ-სა და ჩინეთს შორის კეთილგანწყობის ხელშეწყობა". 
Frederic J. Brown/AFP/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის მოელის, რომ ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობა "ძალიან მალე" გაუმჯობესდება. 

"ვფიქრობ, დათბობას მალე ვიხილავთ". - თქვა ბაიდენმა იაპონიაში დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ. აშშ-ს პრეზიდენტის განმარტებით, მას შემდეგ, რაც აშშ-მ ის "ჩინური ბუშტები ჩამოაგდო, რომლებსაც ორი სატვირთოს ღირებულების სადაზვერვო ტექნიკა გადაჰქონდა", ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დინამიკა შეიცვალა.

ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია ჩინეთის თავდაცვის მინისტრისთვის, ლი შანფუსთვის სანქციების მოხსნას განიხილავს. ეს უკანასკნელი თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს სინგაპურში გამართულ ღონისძიებაზე შეხვდება. 


4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი ობიექტი ჩამოაგდეს.

მანამდე კი თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.


ბუშტის ინციდენტის მიღმა, ჩინეთმა აშშ დაადანაშაულა, რომ იგი ცდილობს შეაკავოს ჩინეთის ზრდა მოწინავე ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვითა და ტაივანის მხარდაჭერით, რომელსაც პეკინი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. 

ბაიდენის კომენტარამდე რამდენიმე საათით ადრე ჩინეთმა განაცხადა, რომ Micron Technology Inc.-ის შემოწმების შემდეგ აღმოჩენილია სერიოზული კიბერუსაფრთხოების რისკები და უბრძანა ძირითადი საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ოპერატორებს შეწყვიტონ ამერიკული კომპანიის პროდუქტების შეძენა.

გასულ კვირას, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ვენაში ჩინეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა. მას შემდეგ, რაც აშშ-ს საჰაერო სივრცეში ჩინური საჰაერო ბუშტები გამოჩნდა და სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პეკინში ვიზიტი გადადო და ეს აშშ-სა და ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის გამართული ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრაა. 

კომენტარები