პირდაპირი ფრენები რუსეთში

თბილისი-სოჭი და ქუთაისი-მოსკოვი – ავიაციის სააგენტომ ფრენის უფლება RED WINGS-საც მისცა

rustourismnews

აზიმუტის და ჯორჯიან ეარვესის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველო-რუსეთის მიმართულებით ფრენის უფლება ავიაკომპანია Red Wings-საც მისცა.

"მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

Red Wings-ი მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეასრულებს. ავიაკომპანია იმავე დღეებში იფრენს მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე" - აცხადებს ავიაციის სააგენტო და აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიას აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭეს.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კვირაში შვიდჯერ ფრენის უფლება მისცა რუსულ ავიაკომპანია Азимут-ს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული რეისების შესრულებას 17 მაისიდან დაიწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

გარდა ამისა, თბილისი-მოსკოვი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში შვიდჯერ იფრენს ქართული ავიაკომპანია GEORGIAN AIRWAYS-იც.

კომენტარები